შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლაში მიღწეულ პროგრესს აფასებს

თარიღი: სამშაბათი, 9 ოქტომბერი, 2018 წელი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს დეპარტამენტის მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი
მარცხნიდან მარჯვნივ: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში პროგრამების მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი; ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

ანგარიშში ხაზი გაესვა იმ რეფორმებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელდა, მათ შორისაა ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების მეთოდოლოგიის დანერგვა, გამომძიებელთა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სპეციალიზაციის ტრენინგები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გამკაცრებას ითვალისწინებს. ანგარიშის მიხედვით, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობა, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი საგრძნობლადაა მომატებული, რაც პოლიციისადმი ნდობის ამაღლებასა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, სახალხო დამცველის აპარატთან და არსამთავრობო სექტორთან კოორდინაციის ზრდაზე მიუთითებს.

„არანაირი მნიშვნელობა ჩვენს წარმატებას კრიმინალთან ბრძოლაში არ ექნება, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ შევინარჩუნეთ და არ ავამაღლეთ“ , - განაცადა ანგარიშის პრეზენტაციაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელმაც დეპარტამენტის თანამშრომლებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტმანეტი შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წლის იანვარში, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით შეიქმნა და მიზნად ისახავს ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური დანაშაულის, დისკრიმინაციული დანაშაულის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და ტრეფიკინგის საქმეების გამოძიებაზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელებას. არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს ქალთა ორგანიზაცია რამდენიმე წელი მოუწოდებდნენ სამინისტროს, რომ სპეციალიზებული დანაყოფი/დეპარტამენტი შეექმნა, რათა სამართალდამცავთა მხრიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენცია და მათზე რეაგირება გაუმჯობესებულიყო. აღნიშნული რეკომენდაცია, ასევე, წარმოდგენილი იყო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საყოველთაო პერიოდული განხილვის მექანიზმის მეშვეობით.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირთან და შვედეთის მთავრობასთან ერთად, დეპარტამენტს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს. ამ მხარდაჭერის ფარგლებში სხვადასხვა ინიციატივა განხორციელდა, მათ შორის რისკების შეფასების ინსტრუმენტის დანერგვა, გამომძიებლებისა და პატრულის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები და ა.შ. გაეროს ქალთა ორგანიზაცია აღნიშნულ მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality