გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პარტნიორებთან ერთად საქართველოში გენდერული სახელფასო განსხვავება განიხილა

თარიღი: სამშაბათი, 2 ოქტომბერი, 2018 წელი

ყველა ქალისა და კაცის ღირსეული დასაქმება და თანაბარი ღირებულების შრომისთვის თანაბარი ანაზღაურება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ნაწილი და ეკონომიკური კეთილდღეობისა თუ თანასწორობის მიღწევის ეფექტიანი საშუალებაა.

საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი გენდერული სახელფასო განსხვავების ძირითად მიზეზებზე საუბრობს
საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი გენდერული სახელფასო განსხვავების ძირითად მიზეზებზე საუბრობს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გენდერული სახელფასო განსხვავება საქართველოში მნიშვნელოვანი საკითხია: ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემების თანახმად, ქალები საშუალოდ კაცებზე 34,5%-ით ნაკლებს გამოიმუშავებენ. მიუხედავად იმისა, რომ ქალებისა და კაცების საშუალო ნომინალური ხელფასების განსხვავებაზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია, გენდერული სახელფასო სხვაობის არსის გასააზრებლად და შესაბამისი პოლიტიკის შესამუშავებლად ბევრად უფრო დახვეწილი მონაცემები და ანალიზის მეთოდებია საჭირო. სწორედ ეს საკითხები განიხილებოდა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ თბილისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე, სხვა პარტნიორები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ პაატა შავიშვილმა გენდერული სახელფასო სხვაობის ანალიზის ის მეთოდოლოგია წარადგინა, რომელსაც საქსტატი ამჟამად იყენებს. იგი საწარმოებისა და ორგანიზაციების ხელფასების კვლევის აგრეგირებულ მონაცემებს ეფუძნება. 2018 წელს მეთოდოლოგია გაუმჯობესდა და მას დასაქმებულთა თანამდებობების შესახებ მოდულიც დაემატა. პაატა შავიშვილმა აღნიშნა, რომ სამუშაო ძალის კვლევა 2017 წელს შინამეურნეობების ინტეგრირებულ გამოკვლევას გამოეყო და ცალკე შესრულდა. მან ხაზი გაუსვა გენდერული სახელფასო სხვაობის ზუსტი და სანდო მონაცემების მიღების პროცესში ამ კვლევის მნიშვნელობას.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2019 წელს სამუშაო ძალის კვლევის პირველადი მონაცემების გენდერული ანალიზისთვის ტექნიკური დახმარების აუცილებლობა არსებობს და ამ საკითხში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ მოწვეულმა გენდერის მონაცემების ექსპერტმა ჯესიკა გარდნერმა გენდერული სახელფასო სხვაობის ძირითადი მონაცემების ბაზები მოკლედ მიმოიხილა და სამუშაო ძალის კვლევაზე, როგორც ამ მხრივ საუკეთესო საშუალებაზე ისაუბრა.

პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებული დისკუსია გენდერული სახელფასო სხვაობის მიზეზების შესწავლას, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებსა და სოციალურ პოლიტიკას შეეხო. „ჩვენ მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით უნდა გავაუმჯობესოთ, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა სოციალურ პოლიტიკას აქვს, რადგან საქართველოში იგი აღიქმება, როგორც ქველმოქმედება და არა როგორც ხალხის ეკონომიკაში მონაწილეობის გაუმჯობესებისა და მათი კონტრიბუციის გაზრდის საშუალება“ , - აღნიშნა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეხვედრა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალების ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.