გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განსახორციელებლად პარტნიორობას აფართოებს

თარიღი: პარასკევი, 21 სექტემბერი, 2018 წელი

გაეროს უშიშროების საბჭოს საეტაპო, 1325 რეზოლუციის მიღების შემდეგ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ დღის წესრიგს მნიშვნელოვანი ნორმატიული ბაზა შეემატა, თუმცა მისი განხორციელება გამოწვევად რჩება.

მარცხნიდან მარჯვნივ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიოლერი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა თბილისში, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას
მარცხნიდან მარჯვნივ: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტემიოლერი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა თბილისში, მშვიდობის საერთაშორისო დღეს, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას; ფოტო: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი

ეროვნული და ადგილობრივი მთავრობები, საერთაშორისო და სამთავრობათაშორისო ორგანიზაციები საკუთარ სამოქმედო გეგმებს აყალიბებენ, რათა გაეროს უშიშროების საბჭოს რვა რეზოლუცია რეალობად აქციონ.

ბაქოში ჩატარებულ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც აზერბაიჯანის მთავრობამ 20 სექტემბერს უმასპინძლა, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ როუზ გოტემიოლერმა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ნატოს 2018 წლის სამოქმედო გეგმის მიღების შესახებ განაცხადა. გეგმა სამი “I”-ს - Integration (ინტეგრაცია), Inclusiveness (ინკლუზიურობა) და Integrity (პრინციპების ერთგულება) -გარშემო ჩამოყალიბდა და მიზნად ნატოს ეფექტიანობისა და წარმატების განმტკიცებას ისახავს. დოკუმენტში ყურადღება საერთაშორისო და სამთავრობათაშორისო პარტნიორებთან ქმედით თანამშრომლობასა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობაზეა გამახვილებული. „ქალთა ორგანიზაციების მიერ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით გაწეულ კონსულტაციებს ნატოს ოპერაციების ეფექტიანობის გაზრდაში არსებითი როლი ენიჭება“,- განაცხადა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კლერ ჰაჩინსონმა.

კონფერენციამ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში ქმედითი პარტნიორობების შექმნის განსახილველად სპეციალური პლატფორმა უზრუნველყო. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ აღნიშნა, რომ „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში საკუთარი კონკრეტული მანდატის ფარგლებში ბევრი მხარე მონაწილეობს. მათ ერთი მიზანი აქვთ: ქალების ქმედითი მონაწილეობის მეშვეობით კონფლიქტების თავიდან აცილება და მდგრადი მშვიდობის მშენებლობა“.

21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, როუზ გოტემიოლერი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა თბილისში დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების ორგანიზაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მდგრადი მშვიდობის მშენებლობაში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობაზე, გადაწყვეტილებათა მიღებაში, კონფლიქტების პრევენციასა და მშვიდობიან მოგვარებაში, ასევე, მდგრადი მშვიდობის მშენებლობაში ქალთა ქმედითი მონაწილეობის გაზრდაზე გამახვილდა.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality