გაეროს ქალთა ორგანიზაცია და მისი პარტნიორები საზღვაო ინდუსტრიაში ქალების პოპულარიზაციას იწყებენ

თარიღი: ხუთშაბათი, 13 სექტემბერი, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ქალთა სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციასთან ერთად, საზღვაო ინდუსტრიაში ქალთა განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერას იწყებს.

ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. მარცხნიდან მარჯვნივ: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და ქალთა სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ხვედელიძე
ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. მარცხნიდან მარჯვნივ: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და ქალთა სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ხვედელიძე; ფოტო: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

შესაბამის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე, 13 სექტემბერს მოეწერა.

„გაეროს ქალთა ორგანიზაცია მოხარულია, რომ საზღვაო ინდუსტრიაში, სადაც ძირითადად კაცები დომინირებენ, ქალთა შესაძლებლობის გაზრდას უწყობს ხელს. ზოგადად, შრომის ბაზრის სხვადასხვა სექტორში ქალთა თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ჩვენი ორგანიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს. ეს მომგებიანია როგორც ქალებისთვის, რომლებსაც ეკონომიკური განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობა უჩნდებათ, ასევე ბიზნესისთვის, რადგან ის ქალების სახით ახალ ტალანტებს მოიზიდავს“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ქალები საზღვაო ინდუსტრიაში სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ და ამ კუთხით არც საქართველოა გამონაკლისი. მომდევნო ორი წლის განმავლობაში, მემორანდუმის ხელმომწერები შეეცდებიან, გენდერული ბალანსის მიღწევის მიზნით, ქალებს შორის საზღვაო პროფესიებს პოპულარიზაცია გაუწიონ და ამ ინდუსტრიაში მათ ჩართულობას ხელი შეუწყონ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქალი მეზღვაურების ისტორია XX საუკუნის პირველი ნახევრიდან იწყება. ამ დროს გამოჩნდნენ პირველი ქართველი ქალი მეზღვაურებიც - იულია ფაილოძე, ნინო კალანდაძე, შუშანა თუმანიშვილი და ვაიდე გვარიშვილი. სწორედ მათი სახელობის იქნება ფონდი, რომელიც მემორანდუმის ფარგლებში ჩამოყალიბდება და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო ფაკულტეტის 4 სტუდენტი გოგოს სწავლას დააფინანსებს. ამავდროულად, მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 20 ქალი, რომელიც საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის პროფესიულ გადამზადებას გაივლის. მემორანდუმი საზღვაო ინდუსტრიაში კარიერის შესაძლებლობების უკეთ გაცნობის მიზნით, მე-10 და მე-11 კლასელი გოგოებისთვის საჯარო ლექციების ჩატარებასაც ითვალისწინებს. ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამის სამთავრობო უწყებებსა და კომპანიებს საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული საკითხების ინტეგრირებაშიც დაეხმარება.

„ამ მემორანდუმით ჩვენ ვაძლიერებთ ქალებს საზღვაო ინდუსტრიაში, მათ განათლებასა და დასაქმებას, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის“, - აღნიშნა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა.

მემორანდუმი პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში გაფორმდა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality