ტრენერების ტრენინგი მოძალადეთა რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ

თარიღი:

ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, რათა პენიტენციურ სისტემაში ქალთა მიმართ და ოჯახში მოძალადეთათვის რეაბილიტაციის პროგრამა დაინერგოს.

ჯგუფებში მუშაობა
ჯგუფებში მუშაობა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

2017-2018 წლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ ქალთა მიმართ და ოჯახში მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამა ერთობლივად შეიმუშავეს. პროგრამა მომზადებულია ესპანური PRIA MA მოდელის საფუძველზე და პრობაციასა და პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების ქცევის კორექციისათვის არის განკუთვნილი. ესპანური მოდელი “GBV - ინტერვენციის პროგრამა დამნაშავეთა რეაბილიტაციისთვის” (PRIA) ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ სწორედ ამ თვალსაზრისით შეირჩა. აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში, 4-8 სექტემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, პენიტენციურ სისტემაში მომუშავე თერაპევტებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩაატარა, რომელიც რეაბილიტაციის პროგრამის კუთხით მათი შესაძლებლობების გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. 2018 წლის ოქტომბერში ტრენერები ტრენინგს პროგრამის ყველა მონაწილე თერაპევტს ჩაუტარებენ, რასაც შერეულ პენიტენციურ დაწესებულებებსა და პრობაციის სისტემაში პროგრამის პილოტირება მოჰყვება.

„პროგრამა მიზნად ისახავს, დაეხმაროს გენდერული ძალადობის ისტორიის მქონე პატიმრებს, რათა მათ სხვა ადამიანების მიმართ ძალადობა გააცნობიერონ, შეიძინონ დავებისა თუ კონფლიქტების ძალადობისა და აგრესიის გარეშე მართვის ახალი უნარები, ისწავლონ პარტნიორული ურთიერთობები და შეძლონ გრძნობების კონსტრუქციული ფორმით გამოხატვა“, - განაცხადა პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა და ტრენერების ტრენინგის მონაწილემ ნინო ტყეშელაშვილმა.

მოძალადეთა რეაბილიტაციის პროგრამის დანერგვას თან ახლავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს მოძალადეთათვის რეაბილიტაციის პროგრამის დამატებითი სასჯელის ან დამცავი შემზღუდველი ზომის სახით გამოყენებას. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით შემუშავდა და იგი საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე უკვე განიხილეს. პროექტის ინიცირება 2018 წლის ბოლოს მოხდება.

ინიციატივა მხარდაჭერილია პროექტის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ ხორციელდება. იგი წარმოადგენს სამწლიან, მრავალპროფილურ პროექტს და მიზნად საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციას, მისი მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრას ისახავს.