პროგრამული ინიციატივების შეთანხმება ადგილობრივ თემებთან - სამიზნე რეგიონებში დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები დაიწყო
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პარტნიორებთან - ფონდ „ტასოსა“ და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან - თანამშრომლობით, პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო.
აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს ადგილობრივი პარტნიორების მხრიდან დახმარების მოზიდვას, ქალი ბენეფიციარების ინფორმირებასა და პროექტით გათვალისწინებული ინიციატივების შესახებ მათთვის კონსულტაციების გაწევას.
6-10 აგვისტოს პროექტის გუნდმა სამეგრელოს რეგიონის ქალაქებში - ზუგდიდსა და ფოთში, ასევე, 3 სოფელში - ერგეტაში, ანაკლიასა და დარჩელში, გურიის რეგიონის ქალაქებში - ლანჩხუთსა და ოზურგეთში, ასევე, სოფელ დვაბზუსა და სოფელ ლაითურში 100-ზე მეტ ადამიანთან 10 შეხვედრა გამართა. შეხვედრები ადგილობრივი მთავრობისა და თვითმმართველობის ორგანოების, მათ შორის გენდერული თანასწორობის განყოფილებების, ადგილობრივი მედიის, ბიზნესისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უფლებადამცველებთან შედგა.
ადგილობრივი თემებისთვის ინფორმაციის გაზიარების გარდა, ვიზიტი მიზნად პროექტის სოციალური მობილიზების კომპონენტისთვის (რომელსაც ფონდი „ტასო“ უძღვება) ადგილების განსაზღვრას ისახავდა. საკონსულტაციო შეხვედრები იმ სოფლად მცხოვრებ ქალებთან ჩატარდა, რომლებიც ბიზნესსაქმიანობას არ ეწევიან, მაგრამ აქვთ იდეები და მეწარმეობის დაწყების მზადყოფნა, ასევე ქალებთან, რომლებიც მცირემასშტაბიან ბიზნესში მონაწილეობენ.
შედეგად, ადგილობრივმა თემებმა პროექტით გათვალისწინებული ინიციატივების შესახებ მიიღეს ინფორმაცია და, ამავდროულად, პროექტის გუნდი უკეთ გაეცნო ადგილობრივი ქალების საჭიროებებს, რაც მას აღნიშნული ინიციატივების ქალთა ინტერესებზე მორგების შესაძლებლობას მისცემს.
„გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური ინიციატივა განახორციელა. ეკონომიკურ გაძლიერებაზე ყურადღების გამახვილება ძალზე დროულია. პროექტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობას ადგილობრივი მთავრობა ყოველმხრივ შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა გოგი რევიამ.