გაეროს ქალთა ორგანიზაცია სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმების შემუშავების კუთხით ქმედით ნაბიჯებს დგამს

თარიღი: პარასკევი, 3 აგვისტო, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაცია სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმების შემუშავებასა და დანერგვაში პარტნიორების მხარდაჭერას აგრძელებს.

ჯგუფში მუშაობა
ჯგუფში მუშაობა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სწორედ ამ მხარდაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა 3-დღიანი ტრენინგი, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, თბილისში, 1-3 აგვისტოს ადგილობრივი სახელმწიფო უწყებების, აკადემიური დაწესებულებების, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.
ინტერაქტიული ტრენინგის მიმდინარეობისას, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტი უძღვებოდა, 21-მა მონაწილემ ცოდნა სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების, მისი გამოვლენისა და გასაჩივრების მექანიზმების შემუშავების შესახებ აიმაღლა.

„ქვეყანაში სექსუალური შევიწროების შესახებ სრულყოფილი რეგულაციები არ არსებობს. ეს ტრენინგი იყო შესაძლებლობა, მიგვეღო ცოდნა, თუ როგორ შეგვიძლია არსებულ პირობებში სექსუალურ შევიწროებაზე ეფექტიანი რეაგირება და როგორია ამ კუთხით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“, - აღნიშნა სახალხო დამცველის აპრატის თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა და ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიეტა ახვლედიანმა.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეებმა, სხვადასხვა მოდელის გამოყენებით, სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმები და მათი განხორციელების ეფექტიანი სამოქმედო გეგმებიც შეიმუშავეს. ტრენინგის შემდეგ დამსწრეებმა გასაჩივრების მექანიზმები საკუთარ ორგანიზაციებში უნდა დანერგონ. ამ პროცესში მათ მხარდაჭერას საერთაშორისო ექსპერტი ტრენინგის დასრულების შემდეგ, გარკვეულ პერიოდის განმავლობაში, კვლავაც გააგრძელებს.

„გასაჩივრების მექანიზმი, რომელზეც ტრენინგზე განსაკუთრებული ყურადღება იყო გამახვილებული, ის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც სექსუალური შევიწროების პრევენციასა და კონტროლში, მთლიანად სამუშაო გარემოს განვითარებაში დაგვეხმარება. ტრენინგი ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელებაში კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია“, - განაცხადა „აჭარა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების დირექტორის ასისტენტმა ელენე ქარსელაძემ შეხვედრების დასრულებისას.

მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგის შემდეგ მონაწილეები სექსუალური შევიწროების გასაჩივრების მექანიზმების შემუშავებაში იმ ორგანიზაციების დახმარებასაც შეძლებენ, რომლებთანაც მათ საქმიანი თანამშრომლობა აკავშირებთ, რაც ხელს შეუწყობს სექსუალური შევიწროების პრევენციას, დროულ გამოვლენას, მასზე სათანადო რეაგირებასა და, საბოლოო ჯამში, სამათლიანი, ღირსეული და თანასწორი სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.