ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივა ქალთა უფლებების დაცვის შესახებ კანონმდებლობის დასახვეწად

თარიღი: შაბათი, 18 აგვისტო, 2018 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 17-18 აგვისტოს სპეციალური შეხვედრა გამართა, რომელზეც ოჯახში ძალადობის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება განიხილებოდა.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა; ფოტო: საქართველოს პარლამენტი

შეხვედრას პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრები, გენდერული თანასწორობის საბჭოს, სახალხო დამცველის ოფისისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამუშაო ჯგუფმა კომიტეტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი განიხილა, რომლის მიზანიც კანონმდებლობის დახვეწა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის უკეთესი დაცვის უზრუნველყოფა და ამ გზით საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაუმჯობესებაა. შემოთავაზებული პაკეტის თანახმად, ცვლილებები სხვადასხვა კანონში შევა, მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და საქართველოს კანონში ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ.

„გასული წლების განმავლობაში არაერთი საკანონმდებლო ცვლილება დაინერგა, რომელთა მიზანი ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება იყო, მაგრამ ჩვენ მნიშვნელოვან გამოწვევებს კვლავაც ვაწყდებით. წარმოდგენილი ცვლილებების მიზანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ეფექტური დაცვისთვის არსებული კანონმდებლობის გაუმჯობესებაა“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სხვა მხარეებთან შემდგომი ფართომასშტაბიანი კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, შეხვედრაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ცვლილებების კიდევ ერთი პაკეტი წარადგინა. იგი მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაბამის პარტნიორებთან კონსულტაციის საფუძველზე პარლამენტში განსახილველად მომზადდა. პაკეტში მოცემულია ცვლილებები, რათა GPS ელექტრონული სამაჯურით მეთვალყურეობის სისტემის ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს და ქალთა მიმართ და ოჯახში მოძალადეებისთვის ქცევის კორექციის პროგრამების დაინერგოს.

მოსალოდნელია, რომ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება და განხილვა საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე მოხდება. ამ პროცესში პარლამენტის წევრების თანხმობასა და მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.