კონფლიქტით დაზარალებულმა მოსახლეობამ პრობლემების შესახებ მთავრობის წარმომადგენლებს უამბო

თარიღი: პარასკევი, 10 აგვისტო, 2018 წელი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გეოგრაფიული არეალი გააფართოვა.

შეხვედრის მონაწილეები სოფელ პერევში
შეხვედრის მონაწილეები სოფელ პერევში; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
,

ამიერიდან ეს შეხვედრები ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მახლობლად მდებარე კიდევ რამდენიმე სოფელში გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განსახორციელებელი საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის (2016-2017) შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგის ანგარიშებში, სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ წარდგენილ რეკომენდაციებზე დაყრდნობით იქნა მიღებული.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2013 წელს დაწყებული საინფორმაციო შეხვედრები დევნილ თუ კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგების შესახებ რეგულარული დიალოგის ეფექტიან პლატფორმად ჩამოყალიბდა. შეხვედრების ორგანიზების პასუხისმგებლობა მთავრობას გადაეცა, თუმცა გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამის უწყებებს ტექნიკურ დახმარებას კვლავაც უწევს.

10 აგვისტოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარე სოფელ პერევისა (იმერეთი) და მეზობელი სოფლების მცხოვრებლებმა სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლებს საკუთარი პრობლემები გაუზიარეს. შეხვედრას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ადგილობრივი მთავრობისა და რეგიონული პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, სოფლის გუბერნატორიც ესწრებოდა.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგების შესახებ უახლეს ინფორმაციასთან ერთად, მთავრობის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ადამიანების დარჩენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აცნობიერებენ არსებულ სირთულეებს და სურთ, ყველაფერი გააკეთონ მათ მოსაგვარებლად. შეხვედრის მონაწილეებმა ყურადღება სოციალურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების პრობლემებზე გაამახვილეს. ამასთან, მოუწოდეს მთავრობის წარმომადგენლებს, რომ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პრიორიტეტები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დისკუსიებზე გაჟღერდეს და სახელმწიფო უწყებების სამომავლო საქმიანობაში აისახოს.

მოსახლეობის მიერ წამოჭრილ საკითხებს შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა, ქონების დაკარგვასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, ოჯახის წევრთა დაშორება და ეკონომიკურ შესაძლებლობათა ნაკლებობა იყო. კიდევ ერთი პრობლემას იმ სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა წარმოადგენს, რომლებიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლებისთვისაა განკუთვნილი. მათ შორისაა, ცხელი ხაზი, რომელსაც სამართალდამცავები უსაფრთხოების პრობლემებზე რეაგირების მიზნით აკონტროლებენ.

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული სოფლების მცხოვრებთა პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაციის თავად ამ ადამიანებისგან მიღება“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა ზვიად ზვიადაძემ. „მთავრობა ამჟამად ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობს. ჩვენი სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ყველა ღონეს იხმარს, რათა აღნიშნული სტრატეგიის განხილვისას ამ შეხვედრაზე შემოთავაზებული რეკომენდაციებიც იყოს წარდგენილი“, - აღნიშნა მან.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია სახელმწიფო მინისტრის აპარატს მომავალშიც დაეხმარება, რათა ამ უწყებამ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლების მეტ მაცხოვრებელთან მოახერხოს კომუნიკაცია და 2018 წელს საინფორმაციო შეხვედრები სოფელ ერგნეთსა (შიდა ქართლი) და ხურჩაში (სამეგრელო) გამართოს.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality