გაეროს ქალთა ორგანიზაცია მეწარმე ქალებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით, იმ ქალებისთვის, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესს ეწევიან, კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების ჩატარება დაიწყო.

მეწარმე ქალები კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის მიმდინარეობისას
მეწარმე ქალები კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგის მიმდინარეობისას; ფოტო: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

ინიციატივა პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ერთ-ერთი ნაწილია და მეწარმე ქალების მთავარ გამოწვევებს - განათლებასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ეხმიანება. მის ფარგლებში, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს სულ 50 მეწარმე გაივლის. პროექტში მონაწილე პირველი გუნდი, რომელიც 25 ქალს აერთიანებს, უკვე შერჩეულია.

სასტარტო ტრენინგი ქალ მეწარმეებს 25 ივლისს ორგანიზაციული მართვის მენეჯმენტში ჩაუტარდათ. მონაწილეებმა ტრენინგის მიმდინარეობისას ცოდნა მენეჯმენტის, ორგანიზაცული მართვის, ემოციური ინტელექტისა და ლიდერობის მიმართულებებით შეიძინეს.

„რეგიონში მცხოვრები ქალებისთვის ამგვარი პროექტები დიდი სტიმულია. ისინი ხელს შეგვიწყობს ჩვენი საქმიანობის მეტად გაფართოებაში. მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ დიდ კომპანიებს დავუკავშირდეთ და მათი გამოცდილება გავიზიაროთ. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პროექტის ფარგლებში ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა შეგვიძლია“, - აღნიშნა პროექტისა და ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ თიკა დიდიშვილმა, რომელიც ბიზნესსაქმიანობას სამეგრელოს რეგიონში ეწევა.

პარალელურად, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია მეორე გუნდის ჩამოსაყალიბებლად იმ მეწარმე ქალების მოძიებას აგრძელებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში ბიზნესს მართავენ და საქმიანობის განვითარებისთვის ახალი ცოდნისა და უნარების შეძენა სურთ.

აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, 25 ქალი მეწარმე ბიზნესის გაფართოებისთვის გრანტს მიიღებს. ამას გარდა, პროექტი, კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად, მეწარმე ქალებს მსხვილ კომპანიებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაშიც დაეხმარება.

პროექტი „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.