გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებთან ერთად ქალთა ეკონომიკურ გაძლიერების გზებზე მსჯელობს
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საქართველოში ქალთა დაბალი ეკონომიკური აქტივობის, არაფორმალურ ეკონომიკაში მათი ჩართულობის მიზეზებისა და შედეგების კვლევის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა იმ ძირითადი მიგნებებისა და დასკვნების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც კვლევამ საქართველოში ქალთა ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით გამოავლინა.
კვლევა CRRC-საქართველომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში ჩაატარა. მისი პირველადი შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში სამუშაო ძალაში ქალთა მხოლოდ 50% მონაწილეობს, კაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 79%-ია. ამავდროულად, დასაქმებული ქალები 41%-ით ნაკლებ შემოსავალს გამოიმუშავებენ, ვიდრე - კაცები.
კვლევაში მონაწილე ქალების თქმით, ისინი კვირაში საოჯახო საქმიანობას 45 საათს უთმობენ, რაც სრული განაკვეთით მუშაობის ტოლფასია. თუმცა, სამსახურის პარალელურად, მათ რეგულარულად საოჯახო საქმიანობის შესრულებაც უწევთ. ქალებისგან განსხვავებით, კაცები საოჯახო საქმიანობას კვირაში 15 საათს უთმობენ.
სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას ღონისძიების მონაწილეებმა კვლევის ავტორებსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას საკუთარი რეკომენდაციები და მოსაზრებები გაუზიარეს. როგორც მათ აღნიშნეს, ქალთა ეკონომიკური აქტივობის გასაძლიერებლად ქალთა განათლების წახალისება ისეთ სფეროებში იქნება მნიშვნელოვანი, რომლებშიც ტრადიციულად კაცები დომინირებენ. დამსწრეთა დიდმა ნაწილმა ასეთ სფეროდ STEM მიმართულება დაასახელა, სადაც კადრებზე მაღალი მოთხოვნა არსებობს, თუმცა ქალთა მონაწილეობა დაბალია. მონაწილეების თქმით, ამ მიმართულებით სპეციალურად ქალებისთვის სასწავლო სტიპენდიების დაწესება გრძელვადიან პერსპექტივაში მათი დასაქმების მაჩვენებელს გაზრდის.
როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ განაცხადა, კვლევის შედეგები ღირებულ ინფორმაციას წარმოადგენს: „ჩვენი უწყება შრომისა და დასაქმების პოლიტიკის სტრატეგიასა და 2019-2010 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. ეს კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია და მის შედეგებს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის სტრატეგიაზე მუშაობისას აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - აღნიშნა ელზა ჯგერენაიამ.
სამუშაო შეხვდრისას გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები კვლევის ანგარიშში აისახება, რომლის საბოლოო ვერსიაც აგვისტოს ბოლოსთვის მომზადდება.