ქართველი სამართალდამცავები ოჯახში ძალადობის შემთხვევების რისკის შეფასების მეთოდოლოგიას დანერგავენ

თარიღი:

2017 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზციის მხარდაჭერით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების ინსტრუმენტი შეიმუშავა. მისი გამოყენებით, პოლიციელებს ლეტალობისა და ძალადობის განმეორებით ჩადენის რისკების შეფასების შესაძლებლობა ეძლევათ.

ოჯახში ძალადობის შემთხვევების რისკების შეფასების მეთოდოლოგიის ტრენინგის მონაწილეები
ოჯახში ძალადობის შემთხვევების რისკების შეფასების მეთოდოლოგიის ტრენინგის მონაწილეები; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

2018 წლის 26-28 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ში დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „გლობალური უფლებები ქალებისთვის“ (GRW) პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროკავშირის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის შემთხვევების რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ ტრენერების ტრენინგი ჩაატარა. სამდღიანი შეხვედრის მიზანს რისკის შეფასების ინსტრუმენტის ამოქმედებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახლად ჩამოყალიბებული დეპარტამენტის მხარდაჭერა წარმოადგენდა. 25-მა სამართალდამცავმა ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რისკის შეფასების უნარ-ჩვევები საერთაშორისო დონეზე აღიარებული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად განიმტკიცა. ტრენინგის მონაწილეები სხვა პოლიციელებისთვის ტრენინგების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე წლის ზაფხულშივე დაიწყებენ.

ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც სულ მალე საქართველოში ოჯახში ძალადობის მართვის განუყოფელი ნაწილი გახდება, პოლიციელებს ძალადობის ისტორიისა და წინა შემთხვევების დოკუმენტირების, ასევე, ლეტალობისა და ძალადობის განმეორებით ჩადენის რისკების სტანდარტიზებული მეთოდოლოგიის გამოყენებით შეფასების შესაძლებლობას მისცემს. ამ ინსტრუმენტის დახმარებით, პოლიცია, პროკურატურა და სასამართლოები საგამოძიებო და წინასასამართლო ეტაპზევე მიიღებენ საჭირო ინფორმაციას მოძალადეთა წინააღმდეგ შესაბამისი შემზღუდავი ღონისძიებების, მსხვეპლთათვის კი დამცავი ღონისძიებების გატარების შესახებ. აღნიშნული დაეხმარება პროკურატურას, სასამართლოში უფრო ეფექტიანი მტკიცებულებები წარადგინოს და მოძალადეთა წინააღმდეგ პროპორციული სანქციების შემოღებას მიაღწიოს.

„საქართველო რეგიონის ის პირველი ქვეყანაა, სადაც ოჯახში ძალადობის შემთხვევების მართვის მიზნით რისკის შეფასება დაინერგება, რის შედეგადაც შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგიონული ლიდერი გახდება“ , - განაცხადა ორგანიზაციის „გლობალური უფლებები ქალებისთვის“ საერთაშორისო ტრენინგების სამსახურის დირექტორმა მელისა პეტრინგელო-სქაიამ, რომელმაც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივად განხორციელებულ ინიციატივას მაღალი შეფასება მისცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ იმედი გამოთქვა, რომ რისკების შეფასების სტანდარტიზებული მეთოდოლოგიის ამოქმედება ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირების ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, რაც ხელს შეუწყობს ძალადობის მსხვერპლთა უსაფრთხოებასა და მოძალადეთა მართვას.

აღნიშნული ინიციატივა მხარდაჭერილია სამწლიანი, მრავალკომპონენტინი პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ მიერ. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. მის მიზანს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენცია, მისი გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრა წარმოადგენს.