ჩემი გადმოსახედიდან: „ზღაპარს სწორი ღირებულებების ჩამოყალიბება შეუძლია“

თარიღი: პარასკევი, 29 ივნისი, 2018 წელი

დიანა ანფიმიადი პოპულარული ქართველი მწერალია. მისი ორი ზღაპარი შესულია კრებულში „იყო ერთი გოგო“, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და ძალისხმევით, ივნისში გამოიცა. დიანას ზღაპრების პერსონაჟები ცნობილი ქართველი ქალები - სახალხო გმირი ანა ბაჯი და კალიგრაფი მანანა ზედგინიძე არიან. ორივე მათგანმა საქართველოს ისტორიასა და კულტურაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა.

Diana Anthimiadou
დიანა ანფიმიადი; ფოტო: ნინო ბაიდაური
Quote

ნებისმიერი ქალი მწერლისთვის, რომელსაც ერთხელ მაინც მოუსმენია - "ქალის დონეზე კარგად წერ", ან "ქალ ავტორებში არა გიშავს", რასაკვირველია, გენდერული თემატიკა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომაც, იმ ზღაპრებზე მუშაობა, რომლებიც სტერეოტიპების მსხვრევას ისახავს მიზნად, ჩემთვის გამოწვევა იყო: უნდა მეპოვა და აღმომეჩინა ისტორიაში მიმალური, საინტერესო ქალები და მათი ამბავი პატარებისთვის მომეთხრო ისე, რომ მათი ინტერესი დამემსახურებინა. პროცესში აღმოვაჩინე, რომ გენდერული სტერეოტიპებისგან მეც არ ვიყავი თავისუფალი, ამიტომ ბევრჯერ მომიხდა ტექსტის გადაწერა, სხვა თვალით წაკითხვა, ეპიზოდების შეცვლა.

შეიძლება მოზრდილმა ადამიანმა თავისი ბავშვობიდან ყველაფერი დაივიწყოს, მაგრამ არასდროს დაავიწყდება, მაგალითად, ასანთის გამყიდველი გოგონას გაყინული ხელები ან შიში, რომელიც რომელიმე ზღაპრიდან გამოყვა. ამიტომ, ზღაპარს ყველაფერი შეუძლია: სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებაც და პირიქით: ადამიანის სტერეოტიპებით აღჭურვაც.

კრებულისთვის „იყო ერთი გოგო“ ორი ზღაპარი დავწერე. განსაკუთრებით ერთ-ერთის მთავარი პერსონაჟი კალიგრაფი მანანა მიყვარს. მანანა XVIII საუკუნეში ცხოვრობდა, იგი შოთა რუსთაველის ცნობილი პოემის, „ვეფხისტყაოსნის“ გადამწერია, თუმცა მისი შრომა უჩინარი დარჩა. შესაძლებელია, პარალელი გავავლოთ მანანას საქმიანობასა და თანამედროვე რედაქტორებსა თუ კორექტორებს შორის, რომელთა ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ უხილავი შრომა საქართველოში წიგნიერების განვითარებას განაპირობებს. მანანა ყველა იმ ქალის სიმბოლოა, ვინც წიგნთან კავშირშია, მაგრამ არ ჩანს."


SDG 5: Gender equality

ზღაპრების კრებული, რომელიც 2018 წლის ივნისში გამოიცა, საქართველოს საჯარო და რეგიონულ ბიბლიოთეკებში ვრცელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაცია ამ წიგნით ბავშვებში გენდერული თანასწორობის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ინიციატივა განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. დიანა ანფიმიადის საქმიანობას ღირებული წვლილი შეაქვს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევასა და მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის მიღწევაში.