მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობის გამოცდილების გასაზიარებლად

თარიღი:

საქართველოს მთავრობამ და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, მოლდოველი და უკრაინელი კოლეგების სასწავლო ტურს უმასპინძლეს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის დელეგაციების სასწავლო ტურს უმასპინძლა
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებთან ერთად მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის დელეგაციების სასწავლო ტურს უმასპინძლა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სასწავლო ტური ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციისა და შემდგომი რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას ეძღვნებოდა.

მოლდოვის რესპუბლიკისა და უკრაინის დელეგაციები საქართველოს 14-17 მაისს ეწვივნენ. სასწავლო ტურის განმავლობაში დელეგაციებმა შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატში თითქმის ყველა შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენელთან გამართეს. ასევე, შეხვედრები ჩატარდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის აკადემიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის, სახალხო დამცველის აპარატისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

სასწავლო ტურის დროს აქცენტი ძირითადად გაკეთდა 1325 რეზოლუციის განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე, მათ შორის სამშვიდობო და ნდობის განსამტკიცებელ პროცესებში ქალების მონაწილეობაზე, უშიშროების სექტორის სწავლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებებში გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციისა და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების ჩართვაზე, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ 1325 რეზოლუციის განხორციელების ალტერნატიულ მონიტორინგზე.

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანამ 1325 რეზოლუციისა და მისი შემდგომი რეზოლუციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2018 წლის აპრილში საქართველომ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის განსახორციელებელი მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) შესრულება დაიწყო; უკრაინამ პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა (2016-2020 წლებისთვის) 2016 წელს მიიღო, ხოლო მოლდოვამ ეს სამოქმედო გეგმა (2018-2020 წლებისთვის) მიმდინარე წლის მარტში დაამტკიცა.

„ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული სამოქმედო გეგმების განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოსგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია“, - აღნიშნა მოლდოვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ელენა ტარალუნგამ.

„ვიზიტი დაგვეხმარა, საფუძვლიანად გაგვეგო, თუ როგორ უნდა მოხდეს უკრაინაში 1325 რეზოლუციის განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „უკრაინელ ქალთა ფონდის“ წარმომადგენელმა ტატიანა გორიაჩამ.

ვიზიტი ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ოფისების მიერ. იგი მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი სწავლის ხელშეწყობას ამ ქვეყნებსა და რეგიონში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების გასაუმჯობესებლად.