კონსტრუქციული დიალოგი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებსა და ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გრძელდება

თარიღი:

მთავრობის წარმომადგენლები სახელმწიფო კანცელარიაში ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის/ცხინვალის რეგიონებთან, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროში ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას ისახავდა მიზნად.

არასამთავრობო ორგანიზაცია თანხმობის დირექტორი იულია ხარაშვილი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილი ქალების საკითხებზე საუბრობს
არასამთავრობო ორგანიზაცია "თანხმობის" დირექტორი იულია ხარაშვილი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილი ქალების საკითხებზე საუბრობს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

დისკუსია, ძირითადად, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის ყოველდღიურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გალის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის საბაზისო ჯანდაცვის, სოციალურ და საგანმანათლებლო სერვისებზე შეზღუდულ წვდომასა და გაუმართავ ინფრასტრუქტურაზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მიერ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის (2016-2017 წლებისათვის) შესრულების დამოუკიდებელი მონიტორინგი ჩატარდა, რომლიც შედეგების მიხედვითაც, შეხვედრის ფორმატი საკმაოდ პროდუქტიულია. მონიტორინგის მიხედვით წარმოდგენილია რეკომენდაცია, რომ ამგვარი შეხვედრების გამართვის ადგილების დივერსიფიცირება მოხდეს და ისინი თბილისის, შიდა ქართლისა და სამეგრელოს ადმინისტრაციული ცენტრების გარდა, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებშიც ჩატარდეს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ერგნეთში, ხურჩასა და პერევში საინფორმაციო შეხვედრების გამართვაში დაეხმარება.

ინფორმაციის გასაზიარებლად გამართულ რეგულარულ შეხვედრებს, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების, ადგილობრივი თემებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებს შორის გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით 2013 წლიდან ტარდება, ამჟამად, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მონაწილეობით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უძღვება. შეხვედრების მზარდი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ისინი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელ ახალ (2018-2020 წლებისათვის) ეროვნულ სამოქმედო გეგმაში უკვე მესამედაა ჩართული.