ოჯახური დანაშაულის საქმეებზე 101 სპეციალიზებული პროკურორი და გამომძიებელი იმუშავებს

თარიღი:

2018 წლის პირველი მაისიდან საქართველოში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები და გამომძიებლები იმუშავებენ. აღნიშნული ინიციატივა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განახორციელა.

101 პროკურორსა და გამომძიებელს ოჯახში ძალადობის სასწავლო პროგრამის დასრულების აღსანიშნად სერტიფიკატი გადაეცა
101 პროკურორსა და გამომძიებელს ოჯახში ძალადობის სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულების აღსანიშნად სერტიფიკატი გადაეცა; ფოტო: საქართველოს მთავარი პროკურატურა

ინიციატივის ამოქმედებამდე საქართველოს მთავარ პროკურატურაში იმ პროკურორებსა და გამომძიებლებთან გაიმართა შეხვედრა, რომლებმაც ოჯახური დანაშაულის სპეციალიზაციის კურსი წარმატებით გაიარეს. ღონისძიება საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ერიკა კვაპილოვამ გახსნეს.

ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზაციის პროცესის განხორციელება უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რაც პირდაპირ აისახება საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლებასა და დაზარალებულთა ინტერესების დაცვაზე. როგორც შეხვედრაზე ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, პრევენციული მექანიზმების დახვეწა, სისტემის წარმომადგენელთა კვალიფიკაციისა და საქმიანობის ხარისხის ამაღლება საქართველოს პროკურატურისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. „პროფესიონალთა სპეციალიზაცია და სახელმწიფოს თანმიმდევრული მიდგომა მნიშვნელოვნად გაზრდის სამართალდამცავთა მიმართ დაზარალებულთა ნდობასა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციას სპეციალიზაციის პროცესში გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ოჯახური დანაშაულის სპეციალიზაციის კურსი საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით დანერგა. კერძოდ, გაეროს ქალთა ორგანზიაციის მხარდაჭერით, შემუშავდა ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოსთან ერთად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან, მოწმესთან და მოძალადესთან მუშაობის ფსიქო-ემოციური ასპექტებს მოიცავდა; მომზადნენ ტრენერები, რომლებიც შემდგომში სასწავლო პროგრამას უძღვებოდნენ.

როგორც ერიკა კვაპილოვამ აღნიშნა, ოჯახში ძალადობის დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია იმ სპეციალური ცოდნისა და უნარების ქონა, რომლებიც ხელს შეუწყობს რევიქტიმიზაციის პრევენციას, უზრუნველყოფს დაზარალებულთა უსაფრთხოებასა და დამნაშავეთა მიმართ პროპორციული სანქციების გამოყენებას: „სისხლის სამართლებრივი დევნა ოჯახში ძალადობის საქმეებზე ბოლო 4 წლის განმავლობაში გაოთხმაგებულია. ეს პოზიტიური სიგნალია და მიანიშნებს, რომ სამართალდამცავი სისტემა სერიოზულად ეკიდება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას“, - დასძინა ერიკა კვაპილოვამ.

საქართველოს პროკურატურაში ოჯახური დანაშაულის საქმეებზე სპეციალიზაცია სულ 101-მა პროკურორმა და სისტემის გამომძიებელმა გაიარა. შეხვედრის ბოლოს მათ კურსის წარმატებით გავლის აღსანიშნავად სერტიფიკატები გადაეცათ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისათვის“ ფარგლებში 2014 წლიდან თანამშრომლობს. პროგრამა შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ ხორციელდება.