გაეროს ქალთა სტატუსის კომიტეტი (CSW62)

თარიღი: ხუთშაბათი, 15 მარტი, 2018 წელი

12-23 მარტს, ნიუ იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში ქალთა სტატუსის კომიტეტის 62-ე სხდომა გაიმართა.

Erika Kvapilova, UN Women Country representative talks about the implementation of WEPs in Georgia
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელებაზე საუბრობს; ფოტო: Türkonfed

სხდომას წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, გაეროს სააგენტოები და ECOSOC-ის აკრედიტებული არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებოდნენ. კომიტეტზე განსახილველად პრიორიტეტული თემა „გენდერული თანასწორობის მისაღწევად არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები და სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგოების გაძლიერება“ იყო წარმოდგენილი. ამას გარდა, სხდომაზე შეფასდა 47-ე სესიაზე (2003) - „ქალების მასმედიაზე, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე წვდომა და მონაწილეობა; ასევე, მათი, როგორც ქალთა წარმოჩენისა და გაძლიერების ინსტრუმენტის გამოყენება და ზემოქმედება“ -შეთანხმებული დასკვნების განხორციელების პროგრესი. ქალთა სტატუსის კომისიის 62-ე სესიაზე შეთანხმებული დასკვნები კი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.

სესიაში მონაწილეობა საქართველოს მთავრობის ოფიციალურმა დელეგაციამ მიიღო. დელეგაციას, რომელიც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებითა და არასამთავრობო ორგანიზაციებით იყო წარმოდგენილი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობდა.

სესიის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანასპონსორობითა და მონაწილეობით ორი პარალელური ღონისძიება მოეწყო, რომელთაგან პირველი „ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების განვითარება საქართველოში - GRADA“ 15 მარტს გაიმართა. აღნიშნული ღონისძიება ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის „გლობალური უფლებები ქალებისთვის“ მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით იყო ორგანიზებული. ღონისძიებაზე განიხილეს მოსაზრებები საქართველოში ოჯახში ძალადობის რისკის შეფასების (GRADA) ინსტრუმენტის განსავითარებლად, რომელიც ქართველი სამართალდამცავებისთვის 2017 წელს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში შეიქმნა. GRADA გაეროს ქალთა ორგანიზაციის, „გლობალური უფლებები ქალებისთვის“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთობლივად შემუშავდა და ის ოჯახში ძალადობის საქმეების მართვის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. ინსტრუმენტის მეშვეობით სამართალდამცავები ოჯახში ძალადობის ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის დროს რისკის ლეტალობისა და რეციდივის ჭრილში შეფასებას შეძლებენ, რითაც დამნაშავეთა გაუმჯობესებულ მართვასა და მსხვერპლების უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ.

მეორე პარალელური ღონისძიება კი თურქეთის საწარმოთა და ბიზნესკონფედერაციის (Türkonfed) მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანასპონსორობით იყო ორგანიზებული. იგი მიზნად ქალთა გაძლიერების პრინციპების - თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს ბრაზილიაში, საქართველოში, პაკისტანსა და თურქეთში - დანერგვის კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარებას ისახავდა. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა კერძო სექტორთან მუშაობის გამოცდილება წარადგინა და ყურადღება გაამახვილა კორპორაციული ღირებულებების ჯაჭვსა და იმ როლზე, რომელსაც კერძო ბიზნესი სხვადასხვა თემში ქალთა გაძლიერებისთვის ასრულებს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ფინანსური დახმარებითა და პარტნიორობით, ამჟამად პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში, ქალთა გაძლიერების პრინციპებსა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე მუშაობა გრძელდება.