ქეთევან ხიდაშელის სიტყვებით: „ბევრი აქტივისტი ქალია საჭირო“

თარიღი: ხუთშაბათი, 1 მარტი, 2018 წელი

Ketevan Khidasheli
ქეთევან ხიდაშელი; ფოტო: ნინო ლოლაძე

ქეთევან ხიდაშელი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონის განვითარებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარეა. უკვე 10 წელია იგი ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტია. ქეთევანი დასავლეთ საქართველოში, გურიის რეგიონში, ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში ცხოვრობს და ქალთა გაძლიერებაზე, ოჯახში ძალადობასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს. 2012 წელს ის გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტში „ქალები, თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ მოხალისეობრივად იყო ჩართული. კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემია, რომელიც საქართველოში ქალთა უფლებების დამცველს გადაეცემა, 2017 წელს სწორედ ქეთევან ხიდაშელმა მიიღო.

„აქტივიზმში 2008 წელს ჩავერთე, როცა საცხოვრებლად ოჯახით დედაქალაქიდან სოფელში გადავედი. იმ პერიოდში ინტერნეტით ფონდ „ტასოს“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროგრამის შესახებ გავიგე, აპლიკაცია გავგზავნე და მცირე გრანტი მოვიგე. პარალელურად, გენდერის სკოლა გავიარე და ლიდერობაში, ოჯახში ძალადობასა და გენდერულ ბიუჯეტირებაში ტრენინგებს დავესწარი.

როცა „ტასოს“ მხარდაჭერით აქტივიზმის შესახებ პირველი პროექტის განხორციელება დავიწყე, ამ თემის არსი კარგად არც მქონდა გააზრებული, კომპიუტერის გამოყენებაც არ ვიცოდი და მის სწავლაში ღამეებს ვათენებდი. საინიციატივო ჯგუფი - დვაბზუს ქალთა ცენტრი აქტიური მშობლებისგან ჩამოვაყალიბე და მათთან ერთად ბავშვებისთვის ახალგაზრდული კლუბი შევქმენი, მერე კი სასკოლო გაზეთიც გამოვეცი. მალე იგი თემის გაზეთად ვაქციეთ. „სოფლის ხმას“, რომელშიც ადგილობრივებისთვის საინტერესო თემატიკაზე ვწერდით, უფასოდ ვავრცელებდით. სხვათა შორის, მოგვიანებით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ფარგლებში, გაზეთის გამოცდილება სხვა რეგიონების სათემო ფონდებს გავუზიარეთ. ამ ინიციატივაში მოხალისეობრივად ვიყავი ჩართული: აქტივისტ ქალებს ვხვდებოდი და მათ გაზეთის აწყობას, კონცეფციის შექმნასა თუ მკითხველთა მოზიდვას ვასწავლიდი. შემდეგ კი პირველი ნომრის გამოშვებაშიც ვეხმარებოდი.

თანდათან დვაბზუს ქალთა ცენტრმა სამუშაო თემატიკა გააფართოვა. ოჯახში ძალადობაზე ტრენინგები ჩავატარეთ, მერე კი ოზურგეთში ველოტურიც გავმართეთ, რომლის სლოგანიც „არა ოჯახში ძალადობას“ იყო. ცხელი ხაზის ნომრიანი ატრიბუტებით სოფლები შემოვიარეთ და ფლაერები დავარიგეთ. ამის შემდეგ მომართვიანობა ძალიან გაიზარდა: ქალები, რომლებსაც ოჯახში ძალადობის პრობლემა ჰქონდათ, დახმარებისთვის გვაკითხავდნენ.

2010 წელს ჩვენი ჯგუფი უკვე ორგანიზაციად იქცა და მას “ქალები რეგიონის განვითარებისთვის” დაერქვა. შესაძლებლობებიც გაგვეზარდა: ქალთა ფონდის პროგრამის დახმარებით, ადგილობრივი ფსიქოლოგი და იურისტი გადავამზადეთ. იმ ქალებს კი, ვინც ოჯახში ძალადობა დაძლია, კომპიუტერის გამოყენება და ხელსაქმე შევასწავლეთ. მათ შორის სამი ქალი დღეს ძალიან წარმატებულია. ერთ-ერთს უკვე ბიზნესი აქვს და თან ჩვენი აქტივისტიცაა.

ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით სოფლის დახურულ საზოგადოებაშია პრობლემა. მახსოვს, როცა ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, ადგილობრივებს მიაჩნდათ, რომ მათ ოჯახურ საქმეებში ვერეოდით. აქტივისტობის გამო ზოგი არც მესალმებოდა. ამბობდნენ, რომ „ქალისთვის შეუფერებლად“ ვიქცეოდი. სხვათა შორის, ყველა ტრენინგსა თუ სემინარს საკუთარ გამოცდილებაზე საუბრით ვიწყებ ხოლმე, იმიტომ რომ ცნობიერებას ყველაზე კარგად მაგალითები ცვლის.

დღეს მოხალისეობის დეფიციტია. არადა, ბევრი აქტივისტი ქალია საჭირო. ჩვენი პოტენციალი მხოლოდ სამზარეულოთი არ შემოიფარგლება. გაცილებით მეტი შეგვიძლია. აქტივიზმი კი ამ შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას იძლევა. მთავარია მოვინდომოთ, რომ შევცვალოთ და მომავალ თაობებს იმ პრობლემების მოგვარება არ დავუტოვოთ, რომლებიც ახლა ჩვენს ცხოვრებაშია.