ჩემი გადმოსახედიდან: „ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ტრენინგები ძალიან ღირებულია“

თარიღი: პარასკევი, 2 თებერვალი, 2018 წელი

Salome Makaridze
სალომე მაკარიძე; ფოტო: თამარა გონჯილაშვილი

კომპანიაში გადავწყვიტეთ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რამე ღირებული გაგვეკეთებინა. თანაც, გვინდოდა, შერჩეული მიმართულება ჩვენს გულთან ახლოს ყოფილიყო. აზრი, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს დავხმარებოდით, პირველად ჩემს პარტნიორს, ლიკა ინაშვილს გაუჩნდა. ამბობდა, რომ ეს პრობლემა მის გარშემო ბევრს ქალს ჰქონდა.

ჩვენი გამოცდილებიდან და რესურსიდან გამომდინარე, ყველაზე სასარგებლოდ ტრენინგების ჩატარება მივიჩნიეთ. კარგ ტრენინგს ხომ ადამიანებში მოტივაციისა და ახალი ძალების გაღვიძება შეუძლია. ქალებისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლიეს, ფინანსური დამოუკიდებლობა განსაკუთრებით მნიშნველოვანია. ჩვენც ისეთი თემატიკა შევარჩიეთ, რომელიც დასაქმების ან საკუთარი საქმის წამოწყებისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი და აქცენტი კომუნიკაციაზე, გაყიდვებზე, ლიდერობასა და მეწარმეობაზე გავაკეთეთ.

როცა პირველ მონაწილეებს შევხვდი, ზოგი დამფრთხალი იყო, ზოგიც - ჩაკეტილი, ზოგიც - განსაკუთრებით მოტივირებული. აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი, ერთდღიანი სწავლებაც კი მათთვის ძალიან ღირებულია. ტრენინგი ბევრ ჯგუფთან ჩამიტარებია და ვიცი, რომ მონაწილეების უკუკავშირი სხვადასხვანაირია ხოლმე, თუმცა ამ ადამიანების მადლიერება არასდროს დამავიწყდება: ისრუტავდნენ ყველაფერს და ბედნიერები იყვნენ, რომ ტრენინგში მონაწილეობის, სწავლის, თავისუფლად აზრის გამოხატვის, ერთმანეთთან ურთიერთობის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მათთვის რეაბილიტაციაც იყო, მოტივაციაც და იმედიც.

ამ შეხვედრებმა ბევრ რამეზე დამაფიქრა: გულის სიღრმეში ოჯახში ძალადობის თემასთან დაკავშირებით მეც არაერთი სტერეოტიპი მქონდა, რაც ამ ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად თავისთავად დაინგრა. სხვათა შორის, ოჯახში ძალადობის თემასთან უფრო ახლოს შეხებამ კომპანიაში ყველა დაგვაფიქრა. გუნდშიც ხშირად აღგვინიშნავს, რომ ახლა ბევრ რამეს უკეთ ვხედავთ. თავად უფრო ნათლად გავაცნობიერე, როგორ უნდა მოვახდინო ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება, მსხვერპლი როგორ დავიცვა, რადგან ეს ჩემი მოქალაქეობრივი და ადამიანური მოვალეობაა.

სალომე მაკარიძე მენეჯმენტ კონსალტინგის კომპანია PMO-ს ერთ-ერთი პარტნიორია. 2016 წლიდან ეს კომპანია, გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისთან თაამშრომლობით, ქალებისთვის, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაამარცხეს და ახლა სახელმწიფო თავშესაფრებში ცხოვრობენ, პროფესიულ ტრენინგებს ატარებს. სალომე მაკარიძე მომსახურებისა და გაყიდვების ტრენინგებს უძღვება. ამავდროულად, მისი საქმიანობა ეხმიანება გენდერული თანასწრობის შესახებ მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის მიღწევას და ამ მიზნის ამოცანას ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality