ქალთა საერთაშორისო დღე

ქალთა საერთაშორისო დღე 2018

თარიღი: ორშაბათი, 5 თებერვალი, 2018 წელი

Women in Brazil march for women's rights
მსვლელობა ბრაზილიაში ქალთა უფლებების დასაცავად; ფოტო: ბრუნო სპადა

ქალთა საერთაშორისო დღის, 8 მარტის თემას „დრო მოვიდა: აქტივისტები ქალთა ცხოვრების შესაცვლელად“ წარმოადგენს.

წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქალთა უფლებების, თანასწორობისა და სამართლიანობისთვის მიძღვნილი უპრეცედენტო გლობალური მოძრაობის პარალელურად აღინიშნება. ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაცია და სექსუალური შევიწროება პრესის ყურადღებისა და საჯარო დისკურსის საგანი გახდა, რაც ცვლილების განხორციელების მზარდი სურვილით იყო გამოწვეული.

მთელ მსოფლიოში ადამიანები მობილიზებას თანასწორი მომავლისთვის ცდილობენ. ამ მცდელობამ გლობალური მსვლელობებისა და კამპანიების ფორმა მიიღო, რომელთა შორისაა #MeToo ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის მიმართ პროტესტის გამოხატვის ისეთი ინიციატივები, როგორებიცაა #YoTambien მექსიკაში, ესპანეთში, სამხრეთ ამერიკასა და სხვა ქვეყნებში, #QuellaVoltaChe იტალიაში, #BalanceTonPorc საფრანგეთში, #Ana_kaman არაბულ სახელმწიფოებში, კამპანია ფემიციდის წინააღმდეგ “Ni Una Menos” („არცერთით ნაკლები“) არგენტინაში და ინიციატივები, რომლებიც თანაბარ ანაზღაურებას, ქალთა პოლიტიკურ წარმომადგენლობასა და სხვა საკითხებს უკავშირდება.

2018 წელს ქალთა საერთაშორისო დღე ქმნის შესაძლებლობას, რომ ეს იმპულსი, ქალების გაძლიერების მიზნით, ყველა გარემოში, ქალაქსა თუ სოფელში ქმედებაში გადაიზარდოს და იმ აქტივისტების ძალისხმევა დაფასდეს, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვისა და მათი პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის დაუღალავად მუშაობენ.

გაეროს კომისია ქალთა სტატუსის შესახებ, მომდევნო 62-ე სესიის პრიორიტეტულ თემასთან დაკავშირებით, ქალთა საერთაშორისო დღეს ყურადღებას იმ სოფლად მცხოვრები ქალების უფლებებსა და აქტივობაზე ამახვილებს, რომლებიც მსოფლიო მოსახლეობის ერთ მეოთხედზე მეტსა და სასოფლო-სამეურნეო სფეროში დასაქმებულ ქალთა 43%-ის უმრავლესობას წარმოადგენენ.

სოფლად მცხოვრებ ქალებს საკუთარი ქვეყნების საკვებით უზრუნველყოფის, სურსათის უსაფრთხოებისა და კლიმატის მიმართ გამძლეობის განმტკიცებისთვის მიწაზე მუშაობა უწევთ. თუმცა, არსებული გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციის გამო, განვითარების ყველა პარამეტრით, ისინი სოფლად მცხოვრებ კაცებსა თუ ქალაქში მცხოვრებ ქალებზე უარეს პირობებში არიან. მაგალითად, ქალი მიწათმფლობელების წილი მსოფლიოში 20%-ზე ნაკლებია. მაშინ, როცა გლობალურად ქალების ანაზღაურება კაცებისაზე 23%-ით ნაკლებია, სოფლად ეს განსხვავება შეიძლება 40% იყოს. ამასთან, სოფლად მცხოვრებ ქალებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სათანადო ინფრასტრუქტურასა და სერვისებზე, ღირსეულ სამუშაოსა და სოციალურ დაცვაზე. ამას გარდა, ისინი უფრო მოწყვლადები არიან კლიმატის ცვლილების შედეგების მიმართ.

დაპირებული მდგრადი განვითარების მიზნების რეალური განხორციელება, „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“, სოფლად გადაუდებელ მოქმედებებს მოითხოვს, რათა სოფლად მყოფი ქალებისთვის უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ადეკვატური სტანდარტი, ძალადობისა და საზიანო პრაქტიკებისგან თავისუფალი გარემო, ხელმისაწვდომობა მიწასა და საწარმოო საშუალებებზე, სურსათის უსაფრთხოებასა და კვებაზე, ღირსეულ დასაქმებაზე, განათლებასა და ჯანმრთელობაზე, მათ შორის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე.

სოფლად მცხოვრები ქალები და მათი ორგანიზაციები უდიდეს პოტენციალს ფლობენ. საარსებო საშუალებებისა და კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად ისინი საკუთარი უფლებების დაცვას ითხოვენ. ეს ქალები ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო მეთოდებს იყენებენ, წარმატებულ ბიზნესებს ქმნიან, ახალ უნარებს იძენენ, საკუთარი სამართლებრივი უფლებების მოპოვებაზე ზრუნავენ და არჩევნებში მონაწილეობენ. ბოლო პერიოდში ამერიკის კინემატოგრაფიის, თეატრისა და ხელოვნების დარგების წარმომადგენელმა ასობით გაბედულმა ქალმა ამ სფეროებში ძალაუფლების მქონე კაცების მხრიდან სექსუალურ შევიწროებასა და თავდასხმაზე აიმაღლა ხმა. მათ ძლიერი მოკავშირე ფერმერ ქალთა ადგილობრივ ორგანიზაციაში „Alianza Nacional de Campesinas“ იპოვეს, რადგან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ამ ქალებისთვისაც კარგად ნაცნობია.

შემოუერთდით მთელი მსოფლიოს აქტივისტებს და გაეროს ქალთა ორგანიზაციას 8 მარტს, რათა ერთად იზეიმოთ, იმოქმედოთ და შეცვალოთ ქალების ცხოვრება მთელ დედამიწაზე. ამის დრო სწორედ ახლაა.