საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის გასაძლიერებლად ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

თარიღი:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ სტრუქტურაში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შექმნა და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით 23 იანვარს იგი ფართო საზოგადოებას წარუდგინა.

At the launching ceremony opening remarks were made by the Minister of Internal Affairs – Mr. Giorgi Gakharia and UN Women Country Representative, Ms. Erika Kvapilova
პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა; ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

ღონისძიებაზე შესავალი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა გამოვიდნენ. „სამინისტროს სისტემის რეფორმირება ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით დაიწყო. ჩვენ კარგად გვესმის, რომ კრიმინალთან ბრძოლაში არცერთ ჩვენს მიღწევას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი არ იქნება შენარჩუნებული. დეპარტამენტი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე პოლიციის რეაგირების გასაუმჯობესებლად იმუშავებს, ვინაიდან ამ დანაშაულის პრევენცია და მასზე რეაგირება სამინისტროსთვის ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

დეპარტამენტი მინისტრის 2018 წლის 12 იანვრის ბრძანების საფუძველზე შეიქმნა და მისი ჩამოყალიბება მიზნად ისეთ დანაშაულებზე დროულ რეაგირებასა და ეფექტიან გამოძიებას ისახავს, როგორებიცაა ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა (მათ შორის სექსუალური ძალადობა), დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ტრეფიკინგი და არასრულწლოვნების მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულები.

დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები იქნება ზემოხსენებული დანაშაულების გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგი; ხარვეზების იდენტიფიცირება, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების პროექტების მომზადება და პრაქტიკაში განხორციელება; გამოძიებასთან და ადმინისტრაციულ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია; ფოტო: შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამინისტრო გეგმავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სპეციალიზებული გამომძიებლების დანიშვნას და ამ მიზნით სპეციალიზაციის სტანდარტის შემუშავებას და დანერგვას, სპეციალიზებულ მოსამსახურეთა სამუშაო აღწერილობის დამტკიცებას, სპეციალიზებული ტრენინგის მოდულის შემუშავებასა და გამომძიებელთა ტრენინგს.

პოლიციის როლიდან გამომდინარე, მათი მხრიდან რეაგირების ეფექტიანობის გასაზრდელად, არასამთავრობო ორგანიზაციები და გაეროს ქალთა ორგანიზაცია რამდენიმე წელია მოუწოდებდნენ სამინისტროს, რომ სპეციალიზებული დანაყოფი/დეპარტამენტი შეექმნა, რათა სამართალდამცავთა მხრიდან ქალეთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენცია და მათზე რეაგირება გაუმჯობესებულიყო. ასევე, რეკომენდაცია წარმოდგენილი იყო საქართველოს სახალხო დამცველის მიერ და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს საყოველთაო პერიოდული განხილვის მექანიზმის მეშვეობით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პარტნიორობა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მათზე რეაგირების საკითხებში, 2012 წელს, გაეროს გენდერული თანასწორობის ერთობლივი პროგრამის ფარგლებში (პროგრამა დააფინანსა შვედეთის მთავრობამ და მას ერთობლივად ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს მოსახლეობის ფონდი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია) დაიწყო.