ნინო ცომაიას სიტყვებით: „მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი, რომელსაც მსხვერპლის დახმარება შეეძლო“

თარიღი: ოთხშაბათი, 10 იანვარი, 2018 წელი

ნინო ცომაია (რესპონდენტის უსაფრთხოების მიზნით, მისი სახელი შეცვლილია) ორი წელია გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ის ოპერატორია. 112 საქართველოში მოქმედი სატელეფონო ნომერია, რომელიც საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან გადაუდებელი დახმარების საჭიროების შესახებ სატელეფონო შეტყობინებებს იღებს. დამუშავებული ინფორმაცია ოპერატიულად გადაეცემა პოლიციას, სახანძრო/სამაშველო სამსახურსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს.

Emergency and Operative Response Center 112 operators during working process
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ის ოპერატორები მუშაობის პროცესში; ფოტო: გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი 112

„საღამოს 8-9 საათი იქნებოდა, როცა გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ეს ზარი შემოვიდა. „112 გისმენთ-მეთქი“, - ვუპასუხე, მაგრამ არავინ გამომეხმაურა, მხოლოდ ქალის საუბარი მომესმა, ვიღაცას ეუბნებოდა „არა, სად უნდა დამერეკა, არსად დამირეკავსო“. მომეჩვენა, რომ აღელვებული იყო. ფრაზა „ქალბატონო, 112 გისმენთ“ კიდევ ორჯერ გავუმეორე. ამ დროს კი უკვე კაცის ხმაც გავიგე: მკაცრი და მომთხოვნი ტონით ეუბნებოდა, ტელეფონი მომეციო. ქალმა ტირილი დაიწყო. „სად უნდა დამერეკა, არსად დამირეკავსო“,- იმეორებდა. მივხვდი, რომ ეს შემთხვევითი ზარი არ იყო და რაღაც კონფლიქტს უკავშირდებოდა, თუმცა სანამ დამატებით შეკითხვას დავსვამდი, ტელეფონი გაითიშა.

ზარს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდი, ამიტომ შემოსულ ნომერზე თავად დავრეკე. ტელეფონი საპასუხო რეჟიმზე ჩაირთო, მაგრამ ისე, რომ კონკრეტულად ჩემთვის არავის მოუმართავს. უბრალოდ მესმოდა, როგორ ტიროდა ქალი, როგორი აღელვებული იყო ის, ვარჩევდი მტვრევის ხმასაც. მივხვდი, რომ ვრცელ და კონკრეტულ პასუხებს ვერ მივიღებდი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისამართი, სადაც ეს შემთხვევა ხდებოდა, აუცილებლად უნდა დამედგინა. ქალს ჩემი ხმა ესმოდა, ამიტომ ვუმეორებდი, რომ მის დასახმარებლად უსათუოდ მჭირდებოდა გამეგო, სად იმყოფებოდა. ვთხოვდი, როგორმე ჩემი შეკითხვებისთვისაც მოესმინა და შეძლებისდაგვარად, თუნდაც მხოლოდ „კი“ ან „არა“ ეთქვა. რაღაც მომენტში მოახერხა და ჩემი ნათქვამის პასუხად თქვა: „გავიგე“. მერე უკვე კონკრეტიკაზე გადავედი: „დედაქალაქში ხართ“? - ვუმეორებდი შეკითხვას. ბევრი მცდელობის შემდეგ მიპასუხა „არა“. გაირკვა, რომ შემთხვევა რეგიონში ხდებოდა.

მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ახლა კონკრეტული რეგიონი უნდა დამეზუსტებინა, თუმცა ზარი კვლავ შეწყდა. როცა ისევ დავრეკე, უფრო დაძაბული სიტუაცია დამხვდა: უკვე ბავშვების ტირილის ხმაც ისმოდა. ვივარაუდე, რომ საქმე დიდი ალბათობით ოჯახში ძალადობასთან მქონდა. ქალს ვთხოვდი, რომ საუბარში როგორმე, რაიმე კონტექსტში რეგიონი და რაიონი ეხსენებინა. მართლაც, კონფლიქტის მიუხედავად, მან მოახერხა და მოძალადეს უყვირა: „ამხელა კახეთის რეგიონში ... სირცხვილია, გაჩერდი!“ მერე რაიონი და სოფელიც იგივე ხერხით გამაგებინა.

ჩვენთან სოფლებში სახლების მისამართები დანომრილი არ არის, ამიტომ გამოძახებისას საორიენტაციოდ ახლომდებარე ობიექტებს გვეუბნებიან ხოლმე, თუმცა ამდენი საუბრის საშუალება მაშინ ნამდვილად არ იყო: შეიძლებოდა ის კაცი მიმხვდარიყო, რომ ტელეფონით ვიღაც ინფორმაციას იგებდა და უარესი მომხდარიყო, ამიტომ ქალს ვთხოვდი მისთვის სახელითა და გვარით მიემართა. თუ ვინაობას გავიგებდით, ზუსტ ადგილსამყოფელსაც დავადგენდით.

რა თქმა უნდა, საუბრები დიდხანს გრძელდებოდა. ოთხჯერ მომიწია დარეკვა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ქალი გმირულად იქცეოდა: ბავშვებსაც იცავდა, ძალადობასაც უმკლავდებოდა და მეც მისმენდა. იგებდა ყველაფერს, რასაც ვეუბნებოდი და ცდილობდა, ეპასუხა. ერთ-ერთი ასეთი მცდელობისას მან კაცის ვინაობის თქმაც შეძლო: „3 შვილის მამა ამას როგორ აკეთებო“, - დაუძახა და თან სახელი და გვარი მიაყოლა.

ქალის ადგილსამყოფელის დასადგენად და მის დასახმარებლად ახლა უკვე ნამდვილად საკმარისი ინფორმაცია მქონდა. ვუთხარი, რომ ვიცოდი მისი მისამართი, ყველა მონაცემი გადაცემული იყო და შესაბამისი სამსახურები დროულად მივიდოდნენ. შემთხვევის ადგილზე კრიმინალური პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გაიგზავნა. საბოლოოდ, ეს მართლაც ოჯახში ძალადობის შემთხვევა აღმოჩნდა. ქალს კი ფიზიკური დაზიანება ჰქონდა.

ეს შემთხვევა განსაკუთრებული იყო. გაცნობიერებული მქონდა, რომ მე ვიყავი ის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ახლა მსხვერპლის დახმარება შეეძლო და თან ეს ისე უნდა გამეკეთებინა, რომ მისთვის საფრთხე არ შემექმნა. ყველაფერი ზუსტად გამოვიდა და ამაყი ვარ, რომ ეს შევძელი“.