გორში ძალადობის მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრი გაიხსნა

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობისგან მიღებული ფინანსური მხარდაჭერით, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის გორში მესამე კრიზისული ცენტრი გახსნა.

A ribbon cutting ceremony of the Crisis center for survivors of violence in Gori
კრიზისული ცენტრის გახსნა გორში; ფოტო: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

პირველი კრიზისული ცენტრი თბილისში 2016 წელს გაიხსნა და მან დღემდე დახმარება ძალადობის 145 მსხვერპლს გაუწია. მეორე ცენტრი კი ქუთაისში, 2018 წლის დეკემბერიდან ფუნქციონირებს. ამიერიდან კრიზისული ცენტრი უკვე გორშიც ამოქმედდება და პირებს, რომლებსაც ძალადობის პრობლემა აქვთ, ფსიქოლოგიურ თუ სოციალურ დახმარებასა და რეაბილიტაციას, სამედიცინო და იურიდიულ მომსახურებებს გაუწევს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია სახელმწიფო ფონდთან 2010 წლიდან თანამშრომლობს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე ოთხი თავშესაფარი, სამი კრიზისული ცენტრი და 24-საათიანი უფასო ცხელი ხაზი 116 006 ფუნქციონირებს.

„გაიხსნა კიდევ ერთი კრიზისული ცენტრი, რომლის მიზანია დაეხმაროს ქალებს ძალადობის წრის გარღვევაში და ხელი შეუწყოს მათ გაძლიერებას“, - აღნიშნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ.

ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებაა, რომლის ფუნქციებში სხვადასხვა ჯგუფებისთვის, მათ შორის სექსუალური ძალადობის, ოჯახში ძალადობის, ადამიანებით ვაჭრობის და ა.შ. მსხვერპლებისთვის მომსახურების მიწოდება შედის.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვედეთის მთავრობასა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან პარტნიორობით, ფონდისთვის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კრიზისული ცენტრების ქსელის გაფართოებაში მხარდაჭერას კვლავაც გეგმავს. აჭარის, გურიის, ქვემო ქართლის და შიდა ქართლის რეგიონებში კიდევ ოთხი კრიზისული ცენტრი გაიხსნება.