სასამართლო სისტემის გაძლიერება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის /ოჯახში ძალადობის საკითხებზე

თარიღი: კვირა, 10 დეკემბერი, 2017 წელი

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლასა და ევროპის საბჭოსთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მოსამართლეებისთვის ტრენინგი ჩაატარა.

Judges attending training on violence against women
მოსამართლეები ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ტრენინგს დაესწრნენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გამართულ ტრენინგს 15 მოსამართლე დაესწრო. მასზე ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები, მიზეზები და შედეგები, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული ნორმატიული ჩარჩო განიხილებოდა. ტრენინგი მიზნად ისახავდა, მოსამართლეებისთვის მეტად გასაგები გაეხადა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფენომენი, მისი ფსიქოლოგიური ასპექტები. ასევე, უფრო მეტად დაეფიქრებინა ისინი იმ ზეგავლენაზე, რომელიც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მართლმსაჯულების გახორციელებისას მათ პირად რწმენებსა და შეხედულებებს შეუძლიათ მოახდინონ.

ტრენინგი თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს იმ მოსამართლეებმა ჩაატარეს, რომლებიც მანამდე გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ორგანიზებულ ტრენერთა ტრენინგის დახმარებით გადამზადდნენ.

„მოდულზე მაღალი მოთხოვნა იქნება, რადგანაც სასამართლოში შემოსული ოჯახში ძალადობის საქმეების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა“ ,- განაცხადა ტრენინგის მონაწილე ნინო ელიეშვილმა.

დაზარალებულის უსაფრთხოების, მოძალადის პასუხისმგებლობისა და რევიქტიმიზაციის თავიდან აცილების უზრუნველყოფაში სასამართლო უდიდეს როლს თამაშობს. შესაბამისად, მას შეუძლია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის /ოჯახში ძალადობის საქმეების განხილვისას მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი საერთაშორისო და შიდა ვალდებულებებისა თუ სტანდარტების შესრულებას. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეებისთვის სავალდებულო და სპეციალიზებული ტრენინგების მნიშვნელობას საქართველოს შესახებ 2016 წლის ანგარიშში ხაზი გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, მის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე დუბრავკა სიმონოვიჩმაც გაუსვა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი სკოლის ფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში მოსამართლეებისა და მათი თანაშემწეებისთვის ტრენინგების ორგანიზებას მომავალ წელს კვლავაც გეგმავს. ამას გარდა, ის მოსამართლეებს, შესაბამის გადაწყვეტილებებში გენდერული მოტივის გამოკვეთისა და დასაბუთების მიზნით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების გაცნობაშიც დაეხმარება.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა მოქმედი და მომავალი მოსამართლეებისთვის უწყვეტ პროფესიულ განათლებაზე პასუხისმგებელი უწყებაა, რომელთან პარტნიორობაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 2015 წელს, „გენდერული თანასწორობისთვის“ გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ) დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality