ოჯახში მოძალადეთათვის სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავება იწყება
თარიღი:
სულ უფრო მეტი მტკიცებულება ადასტურებს, რომ ოჯახში ძალადობის შესამცირებლად მსხვერპლთა დაცვის ინტერვენციებთან ერთად მოძალადეებთან მუშაობაც მნიშვნელოვანია. მოძალადეებისთვის განკუთვნილი ქცევის კორექციის პროგრამების არარსებობა კი ხშირად სერვისების მიწოდებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხარვეზად სახელდება.
2017 წლის 4-8 დეკემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ევროკავშირის მხარდაჭერითა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სემინარი ჩაატარა, რომელიც ოჯახში მოძალადეთა სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავებას მიეძღვნა.
სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავებასთან ერთად, სემინარი მიზნად ისახავდა სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელების შესაძლებლობათა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად გაძლიერებას.
ინიციატივის მიზანია სახელმწიფოს მოძალადეთათვის განკუთვნილი პრევენციული და ქცევის კორექციის პროგრამების დანერგვაში დაეხმაროს. ეს ვალდებულება საქართველოს მთავრობას „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის საფუძველზე აქვს აღებული. აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება საქართველომ 2017 წლის ივნისში მოახდინა.
პროგრამის შემუშავების პროცესს სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში საკანონმდებლო ცვლილებათა შეტანა ემატება. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, რეაბილიტაციის პროგრამა ოჯახში მოძალადეთათვის ალტერნატიული განაჩენის სახით და/ან ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლების წინაპირობად იქნება გამოყენებული. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით უკვე შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი, რომელიც საქართველოს პარლამენტს განსახილველად 2017 წლის ბოლოს წარედგინება.
ინიციატივა პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში ხორციელდება, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად საქართველოში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციას, მისი მიზეზებისა და შედეგების აღმოფხვრას ისახავს.