წამყვანი კომპანიები ბიზნესსექტორში ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ განცხადებას უერთდებიან

თარიღი: პარასკევი, 1 დეკემბერი, 2017 წელი

უკვე მესამე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ კონფერენციას მასპინძლობს. წლევანდელი კონფერენცია „ქალთა გაძლიერების პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში“ თბილისი მარიოტში გაიმართა.

Giorgi Khatsakvadze, Head of Marketing and Quality Management B.I.G Microfinance Organization signing the WEPs
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯის მარკეტინგისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ხაცაკვაძე ქალთა გაძლიერების პრინციპებს აწერს ხელს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოსთან - არასამართავრობო ორგანიზაცია „სიდასთან“ პარტნიორობით ჩატარდა. კონფერენცია საქართველოს ბიზნესსექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ინიციატივების განხორციელებას მიეძღვნა და მას ბიზნესსექტორის, მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

კონფერენციაზე იმ შვიდმა ბიზნესკომპანიამ, რომელმაც შარშან ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) მოაწერა ხელი, ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ანგარიში წარადგინა. აღსანიშნავია, რომ ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ განცხადებას წელს კიდევ შვიდი კომპანია შეუერთდა. მომდევნო წლიდან ისინი დასაქმების ადგილას გენდერულ თანასწორობასა და არადისკრიმინაციულ მიდგომას აქტიურად წაახალისებენ.

,,საქართველო დინამიკური ქვეყანაა. ბოლო წელს გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესი დავინახეთ, თუმცა ამ მიმართულებით განვითარება ბიზნესში ქალთა ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი ღონისძიება სხვა კერძო კომპანიებისთვისაც ამ ინიციატივაში ჩართვის სტიმული იქნება,“- განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

Ketevan Ebanoidze, co-founder of Impact Hub in Georgia, addressing the audience after subscription to the WEPs
იმპაქტ ჰაბის თანადამფუძნებელი ქეთევან ებანოიძე ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმოწერის შემდეგ აუდიტორიას მიმართავს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების ჩამონათვალში წამყვანი სამრეწველო, სამშენებლო, ბიზნესსაკონსულტაციო და სასტუმრო ბიზნესში მომუშავე კომპანიები შედიან. მათ შორის არიან: აჭარა ჯგუფი, ჯეოსელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ჯეპრა, მისო, ,კრისტალი“, m2, PMO Business Consulting, დიო, მთარგმნელობითი აპარატურა პლუსი, Accor Group, ბიაიჯი, ორიენტ ლოჯიქი, Impact Hub და Profit Lab.

კომპანია „აჭარა ჯგუფი“ საქართველოში სასტუმრო ინდუსტრიის მსხვილი და სწრაფად განვითარებადი კომპანიაა. მის მფლობელობაში 3 სასტუმრო და 1 ჰოსტელია. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „აჭარა ჯგუფმა“ მიმდინარე წელს იმ ქალების დასაქმება დაიწყო, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაამარცხეს. ინიციატივაზე მუშაობა კომპანიამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივი ინიციატივის - ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა. ,,აჭარა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერმა ნინო ბართაიამ აღნიშნა, რომ სამოქმედო გეგმის შექმნის შემდეგ გუნდი ბევრად უფრო სოციალურად პასუხისმგებლიანი გახდა, პერსონალისთვის სპეციალური ტრენინგებისა და სემინარების დახმარებით კი გენდერული მგრძნობელობაც ამაღლდა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ამაგდართან“ თანამშრომლობით, ამჟამად კომპანიაში ის ქალებიც მუშაობენ, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს. სულ მათი რაოდენობა შვიდს შეადგენს.

ერთი წლის შემდეგ კომპანიების მიერ განხორციელებულ აქტივობებს მნიშვნელოვანი შედეგი მოჰყვა. გაეროს ქალთა ორგანიზაცია მომავალი წლიდან ამ მიმართულებით კიდევ უფრო აქტიურად ჩართვასა და მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელებას გეგმავს.