ქართველი სამართალდამცავები ოჯახში ძალადობის შემთხვევებისას საფრთხეების შეფასებას შეძლებენ

თარიღი: ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ქალთა გლობალური უფლებები“ თანამშრომლობით, ასევე ევროკავშირის მხარდაჭერით, ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შესახებ შეხვედრა გამართა.

Representatives of law enforcement agencies discuss domestic violence risk assessment tool
სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები ოჯახში ძალადობის რისკების შეფასების ინსტრუმენტს განიხილავენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ 2015 და 2016 წლების სპეციალურ ანგარიშებში სახალხო დამცველმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის საფრთხის შეფასების სტანდარტიზებული მეთოდოლოგიის არარსებობა პოლიციის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების განსახორციელებლად მთავარ ხარვეზს წარმოადგენდა. ქვეყანაში აღნიშნული მეთოდოლოგიის მნიშვნელობას 2016 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ ხაზი გაუსვა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ დუბრავკა სიმონოვიჩმაც.

2017 წლის განმავლობაში გაეროს ქალთა ორგანიზაცია, „ქალთა გლობალური უფლებები“ თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოჯახში ძალადობის საფრთხეების შეფასების ინსტრუმენტის საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად შემუშავებაში ეხმარებოდა. თბილისში გამართულ ორდღიან სამუშაო შეხვედრას სამართალდამცავი სტრუქტურების 30-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლო სისტემის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანამშრომლები. სამუშაო შეხვედრის მიზანს საქართველოში ოჯახში ძალადობის საფრთხის შეფასების ინსტრუმენტის (GRADA) განხილვა და საბოლოო ვერსიაზე შეჯერება წარმოადგენდა.

პოლიციის აკადემიის საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ნოდარ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებისას ინსტრუმენტის გამოყენება პოლიციელების სამუშაოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. „ამ რეფორმას უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია“, - დასძინა მან. პროკურატურის წარმომადგენლებმა კი აღნიშნეს, რომ ინსტრუმენტი სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემაში ის მთავარი იარაღი იქნება, რომლის მეშვეობითაც დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან.

ინსტრუმენტი ადგილობრივ პარტნიორებთან გამართული ფართო კონსულტაციების შედეგად შემუშავდა, რაც პროცესის თითოეულ ეტაპზე მათ აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს. ოჯახში ძალადობის საფრთხის შეფასების ინსტრუმენტის (GRADA) მიღება ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგანცდილი პირების მიერ ფოკუს ჯგუფებში გამართული დისკუსიების მეშვეობით მოხდა, რათა გაიზარდოს პროცესის მნიშვნელობა და მექანიზმების შემუშავებისას გათვალისწინებული იყოს მსხვერპლებისა და იმ პირების გამოცდილება, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დაძლიეს.

ოჯახში ძალადობის საფრთხის შეფასების ინსტრუმენტი საქართველოში ოჯახში ძალადობის შემთხვევების მართვის განუყოფელი ნაწილი უნდა გახდეს. ის სამართალდამცავებს ძალადობის ლეტალობისა და ძალადობის ხელახალი განმეორების რისკების შეფასების შესაძლებლობას მისცემს, დაეხმარება მათ მოძალადეთა ეფექტურ მართვასა და მსხვერპლთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამავდროულად, ინსტრუმენტი პოლიციასა და სასამართლოში გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს მოძალადისთვის სასჯელის მისჯამდე ინფორმაციას მიაწვდის, რათა მათ სასჯელის განსაზღვრის, ზედამხედველობისა თუ სხვა ღონისძიებებისთვის პირობები დააწესონ.