გურიაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია იწყება

თარიღი: პარასკევი, 24 ნოემბერი, 2017 წელი

2017 წლის ნოემბერში გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ პარტნიორობით, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით მდებარე გურიის რეგიონში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია დაიწყო.

NGO RoundTable discussion on domestic violence in Ozurgeti
ოზურგეთში გამართული დისკუსია ოჯახში ძალადობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

კამპანიის მიზანი ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრება და იმ სერვისების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებაა, რომლებიც რეგიონში ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლებისთვისაა ხელმისაწვდომი. მასში მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები, სათემო ლიდერები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებენ. მათი აქტივობა მრგვალი მაგიდის ფორმატში თემატურ შეხვედრებს, ფილმების ჩვენებას, საინფორმაციო მასალების მომზადებასა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის მიზნობრივ ტრენინგებს გულისხმობს.

ბოლო წლების განმავლობაში გურია გარკვეულწილად იზოლირებული იყო განვითარებაზე მიმართული იმ ინტერვენციებისგან, რომლებიც გენდერული თანასწორობის ამაღლებასა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ოჯახში ძალადობის დანაშაულები სხვა რეგიონებთან შედარებით გურიაში ყველაზე ნაკლები რაოდენობითაა რეგისტრირებული. ექსპერტების ვარაუდით, ეს ორი მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული: (1) პრობლემა კვლავ ტაბუდადებულია; და (2) არსებული პოლიტიკებისა და სერვისების შესახებ ინფორმირებულობის დონე დაბალია. აღსანიშნავია, რომ გურია მოსახლეობის სიმცირით საქართველოში მესამე რეგიონია, თუმცა ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებისა და რეაგირების მაჩვენებელი აქ ყველაზე დაბალია.

ტრენინგის მონაწილემ - ქალთა უფლებების დაცვის ადგილობრივმა აქტივისტმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქეთევან ხიდაშელმა ხაზი გაუსვა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლების/ძალადობაგანცდილი პირებისთვის ადეკვატური სერვისების ნაკლებობა და დამნაშავეების მიმართ ეფექტიანი დევნა გურიაში ჯერ კიდევ დიდ პრობლემას წარმოადგენს. მან ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში ფართოდაა გავრცელებული იმგვარი მიდგომები, ქცევები და შეხედულებები, რომლებიც ოჯახში ძალადობას ნორმალურად მიიჩნევს და მის მიმართ ტოლერანტულ მიდგომას ამკვიდრებს. ეს კი გურიაში ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენს.

„ჩვენი კამპანიის მთავარი ამოცანა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ხელმისაწვდომი რესურსების, ასევე, ზოგადად, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სამართლებრივი დახმარების შესაძლებლობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა“, - განაცხადა ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა მაია რუსეცკაიამ. „ჩვენ ამ შესაძლებლობას პარტნიორობის გაძლიერების, ადგილობრივი ქალთა ორგანიზაციებისა და აქტივისტებისთვის ინფორმაციის გაზიარებისთვისაც ვიყენებთ, რათა მათ ადგილობრივ თემებში ამ ინფორმაციის გავრცელების კუთხით შუამავლის როლი შეასრულონ“, - აღნიშნა მან.

კამპანია 2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას შეუერთდება, რომელიც ყოველწლიურად 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე აღინიშნება.