უწყებათაშორისი კომისია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური დახმარებით, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლების/ძალადობაგანცდილი პირების დაცვისთვის განსახორციელებელი ღონისძიებების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ (2018-2020 წწ) შემუშავება დაიწყო.

Inter-agency Commission drafts National Action Plan
უწყებათაშორისი კომისიის წევრები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისას შედეგებზე დაფუძნებული მართვის პრინციპები გამოიყენეს. გეგმაში გათვალისწინებულია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის დოკუმენტების წინა ეტაპების განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილება, საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ძირითადი საერთაშორისო ვალდებულებები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენცია (რატიფიცირებულია 2017 წელს), CEDAW და მისი ინსტრუმენტები და, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მე-5 მიზანი, რომლის ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს 2030 წლისთვის ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრა წარმოადგენს.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრის შედეგად მომზადებული ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველი პროექტი სამოქალაქო საზოგადოებასა და განვითარებაზე მომუშავე პარტნიორებთან, ასევე ძალადობაგანცდილ პირებთან ვრცელ კონსულტაციებს გაივლის. საბოლოო ვერსიის მიღების შემდეგ ის მთავრობის მიერ, 2017 წლის ბოლოს დამტკიცდება.