იურიდიული მომსახურების გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის

თარიღი:

თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის გადაუდებელი დახმარების მიღების პროცესში სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, მათთვის მეურვეობასთან, განქორწინებასა და ქონებრივ დავებთან დაკავშირებულ მართლმსაჯულებასა და იურიდიულ დახმარებაზე წვდომაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

Legal Aid Service Lawyers trained on violence against women
იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები ქალთა მიმართ ძალადობის ტრენინგზე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

2017 წლის სექტემბერში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებისთვის შესაძლებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების სერია დაიწყო. ინიციატივის მიზანი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იურიდიული დახმარების სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერებაა, რადგან სწორედ ამ უწყებას ევალება იმ ადამიანებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევა, რომლებსაც იურიდიულ წარმომადგენლობაზე სხვაგვარად ხელი არ მიუწვდებათ. მათ შორისაა იურიდიული მომსახურების ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის უზრუნველყოფაც. პირველი ტრენინგი 2017 წლის 7-9 სექტემბერს კაჭრეთში ჩატარდა და მასში იურიდიული დახმარების სამსახურის სხვადასხვა რეგიონული ბიუროს 20-მა იურისტმა მიიღო მონაწილეობა.

ორდღიანი ინტენსიური ტრენინგკურსი იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი ჩარჩოები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ, ასევე, ბოლო პერიოდში სტამბოლის კონვენციის რატიფიცირებიდან გამომდინარე (რატიფიცირებულია საქართველოს მიერ 2017 წლის ივნისში) საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც საქართველოს 24 სხვადასხვა კანონში შევიდა.

„იურიდიული დახმარების სამსახური ეროვნულ დონეზე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ რეაგირების კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ სფეროში მისი შესაძლებლობების გაძლიერება განსაკუთრებით იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაფართოების ჭრილშია მნიშვნელოვანი, რათა ჩვენ ქალთა მიმართ ძალადობის ყველა მსხვერპლისთვის მომსახურების გაწევა შევძლოთ“, - განაცხადა იურიდიული დახმარების სამსახურის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ჭვინიშვილმა.

ტრენინგის მონაწილე მაია ნოზაძემ, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ქვემო ქართლის ბიუროში მუშაობს, ტრენინგის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ოჯახში ძალადობას „საზოგადოებისთვის მზარდი მნიშვნელობის პრობლემა და ადამიანის უფლების უხეში დარღვევა“ უწოდა. როგორც მან აღნიშნა, მსხვერპლებისთვის გაწეული ხარისხიანი მომსახურება კრიტიკულია ძალადობის პრევენციისა და „სიცოცხლის გადასარჩენისთვისაც“ კი.

ინიციატივის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, იურიდიული დახმარების სამსახურთან პარტნიორობით, 2017 წლის შემოდგომაზე 3 ტრენინგს გამართავს. შედეგად კი იურიდიული დახმარების სამსახურის 60 იურისტი გადამზადდება. ევროკავშირის მხარდაჭერით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იურიდიული დახმარების სამსახური იურისტებს დაიქირავებს, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს იურიდიულ კონსულტაციას გაუწევენ და სასამართლოში მათ წარმომადგენლობას უზრუნველყოფენ.