განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებისას გენდერულ საკითხებს გაითვალისწინებს

თარიღი: პარასკევი, 29 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი თანამშრომლობის ფარგლებში, უწყების განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ პატრულირებას გენდერული საკითხების გათვალისწინებით ჩაატარებენ.

Special Tasks Department to practice gender-responsive oversight across Administrative Boundary Lines
ჯგუფური ფოტო სერტიფიკატების გადაცემის შემდეგ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სამეგრელოს, შიდა ქართლისა და იმერეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ განლაგებულმა ოცმა ოფიცერმა 28-29 სექტემბერს თბილისში ორდღიანი ტრენინგი გაიარა. ტრენინგზე ყურადღება ქალთა უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებს დაეთმო, განსაკუთრებული აქცენტი კი ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრები ქალების, კაცების, გოგოებისა და ბიჭების უსაფრთხოების პრობლემებზე რეაგირების ეფექტიან საშუალებებზე გაკეთდა. ქალებთან, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დღის წესრიგისა და შესაბამისი საკანონმდებლო თუ პოლიტიკური ჩარჩოების გარდა, საგანგებო ყურადღება უსაფრთხოების ოპერაციების დროს გენდერული საკითხების მეინსტრიმინგს, ასევე, კონფლიქტით დაზარალებულ ქალებსა და გოგოებთან კომუნიკაციის სტრატეგიებს დაეთმო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ ყურადღება ქალებისა და გოგოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გათვითცნობიერებისა და მათზე ეფექტიანი რეაგირების როლზე გაამახვილა. ეს მდგრადი თემების ჩამოყალიბების წინაპირობაა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას გამყოფი ხაზების მახლობლად მცხოვრები ადამიანებისთვის იძენს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ერიკ ჰოეგმა საველე ოპერაციების, მონიტორინგისა და ანგარიშგების დროს კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების განსაკუთრებული საჭიროებების გათვითცნობიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „გენდერული საკითხების დღის წესრიგში ჩართვამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ოპერაციული თვალსაზრისით უფრო ქმედითი გახადა. მან ჩვენ მიერ კონფლიქტის გაგება გააღრმავა და უფრო ღრმა ანალიზის გახორციელების შესაძლებლობა მოგვცა“, - აღნიშნა მან. ჰოეგმა ხაზი გაუსვა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების (რეზოლუცია №1325 და სხვა) განხორციელების თვალსაზრისით რეგიონში საქართველოს ლიდერობას და რეკომენდაცია გაუწია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრების ტრენინგებში ამ საკითხების სისტემატურ ჩართვას.

„იმ სოფლების თემები, რომლებშიც მუშაობა გვიწევს, ჩვენთვის ძალიან ძვირფასია: ვიზიარებთ მათ მწუხარებასა და პრობლემებს. ტრენინგი საშუალებას გვაძლევს, უფრო ღრმად ჩავწვდეთ იმ საკითხებს, რომლებსაც ჩვენი მოვალეობების შესრულებისას, ადგილობრივ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით კი ქალებსა და გოგოებთან ურთიერთობისას გავითვალისწინებთ“, - აღნიშნა სწრაფი რეაგირების II დანაყოფის უფროსმა კახა ახვლედიანმა ტრენინგის დასასრულს.

„ყველა თემა, რომელიც ამ ტრენინგში შედის, განსაკუთრებულ დავალებათა ოფიცრების მუშაობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ძალიან ვაფასებთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერას, რომელიც ჩვენი ოპერაციების დროს გენდერული საკითხების გათვალისწინებისკენაა მიმართული“, - აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა მინდია ლორთქიფანიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრებისთვის გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და სხვა რეზოლუციების შესახებ მიზნობრივი ტრენინგების ჩატარება იმ ვალდებულებათა ნაწილია, რომლებიც სამინისტრომ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე იკისრა. ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ მინისტრის თანაშემწემ სოფიო ჯაფარიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, რომ 2018-2020 წლების ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოფიცრების არსებულ რეგულარულ ტრენინგებში ვალდებულების სახით ქალებთან, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები ჩაერთო.

ტრენინგი შვედეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით, შვედეთის მთავრობასა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის არსებული 2017-2020 წლების სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები

Planet 50–50 by 2030: Step It Up for Gender Equality