საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის ინიციატივა ოჯახში ძალადობაგანცდილი პირების გაძლიერებისთვის

თარიღი: ოთხშაბათი, 20 სექტემბერი, 2017 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის დიდი ხნის პარტნიორები - საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია „ამაგდარი“ ოჯახში ძალადობაგანცდილი პირების გაძლიერებისთვის ერთობლივი ძალისხმევით იმოქმედებენ.

Tina Karseladze, Director of the GBA Training Center; Nino Shioshvili, Director of Women’s Employment Association Amagdari
ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება; მარჯვნიდან მარცხნივ: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის დირექტორი თინა ქარსელაძე და "ამაგდარის" დირექტორი ნინო შიოშვილი; ფოტო: საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი

საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია „ამაგდარს“, რომელიც ოჯახში ძალადობაგანცდილ პირებს სოციალურ-ეკონომიკურ რეაბილიტაციასა და ინტეგრაციაში ეხმარება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრმა ინიციატივა შესთავაზა, რომელიც „ამაგდარის“ ბენეფიციარებისთვის მაღალი ხარისხის იურიდიული განათლების მიღებაში, სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლებასა და ადვოკატის პროფესიული უნარების ათვისებაში დახმარებას ითვალისწინებდა.

ამ ინიციატივის შედეგად, „ამაგდარსა“ და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს შორის უვადო ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომლითაც სამომავლო თანამშრომლობა განისაზღვრა. ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ოჯახში ძალადობაგანცდილ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა მიიღონ და ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს უფასოდ დაესწრონ.

„ძალადობაგანცდილი პირებისთვის თავშესაფრების და შესაბამისი მომსახურების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალადობისგან თავის დაღწევა პრობლემიდან გამოსავალი არ არის. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ქალები თავდაჯერებულები გახდნენ და თავიანთი პროფესიული უნარები გაიუმჯობესონ. ისეთი ღონისძიებები, როგორიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ შემოთავაზებული ინიციატივაა, შეიძლება გადამწყვეტი იყოს ძალადობაგანცდილი პირების ცხოვრებაში რეალური ცვლილებისთვის“, - აღნიშნა „ამაგდარის“ დირექტორმა ნინო შიოშვილმა.

უკვე გამოვლინდა ის პირველი 3 ბენეფიციარი, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს დაესწრება. მათი სწავლება სექტემბრის ბოლოს დაიწყება.

„მსურს, ამ შესაძლებლობისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და „ამაგდარის“ მიმართ დიდი მადლიერება გამოვხატო. პროფესიული უნარების გაუმჯობესებას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგანაც მათი დახმარებით არა მარტო საკუთარი უფლებების დაცვას შევძლებ, არამედ სხვა ძალადობაგანცდილ პირებსაც დავეხმარები უფლებების დაცვასა და მართლმსაჯულების აღსრულებაში“, - აღნიშნა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია და საქართველოს ქალთა დასაქმების ხელშემწყობი ასოციაცია „ამაგდარი“ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და ახორციელებენ გაეროს განვითარების პროგრამა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მოსახლეობის ფონდი) გაეროს ქალთა ორგანიზაციის დიდი ხნის პარტნიორები არიან.