ჩემი გადმოსახედიდან: „განათლება სწორი და პერსპექტიული არჩევანია“

თარიღი:

Aishan Gizbasova
აიშან გიზბასოვა; ფოტო: ლიბერალი

დედამ მეორე კურსის შემდეგ უმაღლესი განათლების მიღება ვეღარ შეძლო, ამიტომ სულ ჩემს სწავლაზე ფიქრობდა. მშობლები ბავშვობიდან მხარს მიჭერდნენ: არ აძლევდნენ გარემოს საშუალებას, რომ ჩემთვის განათლების მიღებაში ხელი შეეშალა.

სკოლის დასრულების შემდეგ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ერთწლიანი პროგრამა გავიარე, ქართული ენა ვისწავლე და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავაბარე. ჰუმანიტარული ფაულტეტი დავამთავრე, აღმოსავლეთმცოდნე ვარ, თუმცა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ სოფელ ალგეთში, ქართული ენის დამხმარე მასწავლებლად იმ სკოლაში დაბრუნება შემომთავაზეს, რომელიც თავად დავამთავრე. თარჯიმნობა მინდოდა, მაგრამ მივხვდი, რომ შემეძლო იმ პრობლემების გადაჭრაში მიმეღო მონაწილეობა, რომლებიც სოფელში განათლების კუთხით არსებობდა.

განათლების დონე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მათ შორის ქვემო ქართლშიც, შედარებით დაბალია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მოსწავლეებმა ქართული კარგად არ იციან. მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლეებისა და მშობლების აზროვნებაც, რომლებიც პერსპექტივას ვერ ხედავენ და მიაჩნიათ, რომ სწავლა დროისა და ფულის უბრალო ხარჯვაა. გოგოების შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა: დიდი ნაწილი სწავლაზე მეტად ოჯახის შექმნაზე ფიქრობს, მიაჩნიათ, რომ ეს ცხოვრების ცვლილების ერთადერთი შანსია, ამიტომ ნაადრევად ქორწინდებიან და სკოლას აღარ ამთავრებენ.

როდესაც მასწავლებლად ვბრუნდებოდი, ვიცოდი, რომ განათლების მიმართ ინტერესი საკმაოდ დაბალი იყო, ამიტომ მშობლებთან შეხვედრებით დავიწყე. მათთვის მე იმ აზერბაიჯანელი გოგოს მაგალითი ვიყავი, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო და დასაქმდა კიდეც. ვხვდებოდი მოსწავლეებსაც: სხვადასხვა თემაზე - ქალებისა და ბავშვების უფლებებზე, ადრეულ ქორწინებაზე ვესაუბრებოდი. ვცდილობდი, სლაიდებითა და მოკლე ფილმებით რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიმეწოდებინა. პარალელურად, განათლების პოპულარიზაციის პროგრამებში ჩავერთე: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის პროექტით უფროსკლასელები შემეცნებით ექსკურსიაზე წავიყვანე: უნივერსიტეტების ფაკულტეტების შესახებ ინფორმაცია მიიღეს და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ. ქალთა ფონდის პროექტით კი სხვა ტრენერებთან ერთად ქვემო ქართლის სკოლებში უფროსკლასელ გოგოებს შევხვდი და განათლების პერსპექტივაზე ვიმსჯელეთ.

გოგოებს განათლების მიღებით საკუთარი მომავლის შექმნა და ცხოვრების გზის ოჯახის, საზოგადოების ჩარევის გარეშე არჩევა შეუძლიათ. შეხვედრებზეც გოგოებს სწორედ ამას ვუყვები. ვუამბობ ჩემზე და იმ ადამიანებზე, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს, ვაჩვენებ, როგორ შეცვალა განათლებამ ჩემი ცხოვრება, ვეუბნები, რომ განათლება სწორი და პერსპექტიული არჩევანია.

ახლა საკუთარი თავი სხვა სფეროში ვეღარ წარმომიდგენია: მინდა, მასწავლებლის სასერტიფიკატო გამოცდა ჩავაბარო და სწავლა მაგისტრატურაზე გავაგრძელო. სკოლაშიც ბევრი გეგმა მაქვს: მსურს, უფროსკლასელ მოსწავლეებთან განათლების პოპულარიზაციაზე უფრო ინტენსიურად ვიმუშაო, რათა შეძლებისდაგვარად შევეწინააღმდეგო ნაადრევ ქორწინებასა და სკოლის მიტოვებას.

25 წლის აიშან გიზბასოვა ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული რეგიონის - ქვემო ქართლის სოფელ ალგეთში, მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენის დამხმარე მასწავლებელია. პარალელურად, ის მასწავლებლის სახლში ტრენერად და ფასილიტატორად მუშაობს, ასევე, ჩართულია პროექტებში, რომლებიც მიზნად განათლების პოპულარიზაციას ისახავს. აიშანის საქმიანობა ეხმიანება და ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მეოთხე მიზნის მიღწევას, რომელიც ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფას და ყველასთვის უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნას გულისხმობს.