სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში გენდერულ თანასწორობაზე მუშაობა გაძლიერდა

თარიღი: ოთხშაბათი, 30 აგვისტო, 2017 წელი

2016 წლის ნოემბრიდან, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის ოთხ რეგიონულ ოფისში გენდერის სპეციალისტებმა დაიწყეს მუშაობა.

სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ანა ილურიძე; ფოტო: თიკო ციცვიძე
მათი საქმიანობა გენდერული თანასწორობის საკითხებზეა ფოკუსირებული და მიზნად ქალთა უფლებების დაცვის გაძლიერებას ისახავს. რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული ინიციატივა და როგორ უწყობენ ხელს გენდერის სპეციალისტები რეგიონებში გენდერული თანასწორობის პრობლემების მოგვარებას - ამ თემებზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს ანა ილურიძეს ესაუბრა.

რა ობიექტურმა მიზეზებმა განაპირობა რეგიონულ ოფისებში გენდერის სპეციალისტების პოზიციების შექმნა და კონკრეტულად რა მოვალეობებს ასრულებენ ისინი?

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს სახალხო დამცველს გენდერული თანასწორობის კუთხით ძალიან ეხმარება. ბევრი პროექტი, რომელსაც გენდერული თანასწორობის დეპარტამენტი ახორციელებს, სწორედ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ გენდერის სპეციალისტების კომპონენტს, რომელიც ასევე მისი და ევროკავშირის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა, უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში როგორც გენდერული თანასწორობის, ისე სხვა თემების შესახებ გამართულმა საინფორმაციო შეხვედრებმა აჩვენა, რომ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით პრობლემების პრევალენტობა მაღალია, ცნობიერების დონე კი - დაბალი. ეს საკითხი მონიტორინგის ანგარიშებშიც აისახა. შესაბამისად, საფუძველი, რომ რეგიონებში გენდერული თანასწორობის პრობლემის გადაჭრისკენ მეტი ძალები მიგვემართა, ობიექტური რეალობიდან გამომდინარე არსებობდა.

გენდერის სპეციალისტების კომპონენტი სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში გენდერული თანასწორობის საკითხებისა და ქალთა უფლებადაცვითი ღონისძიებების გაძლიერებისკენაა მიმართული. სწორედ ეს ადამიანები მუშაობენ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საქმეებზე, ინფორმაციის შეგროვებაზე, განიხილავენ ტენდენციებს, აღწერენ ზოგადად რეგიონში არსებულ მდგომარეობას, ატარებენ საინფორმაციო შეხვედრებსა და ღონისძიებებს.

გენდერის სპეციალისტების მუშაობიდან უკვე რამდენიმე თვე გავიდა. როგორ შეაფასებდით მათი საქმიანობის მნიშვნელობას?

გენდერის სპეციალისტები 4 რეგიონში - ქვემო ქართლში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში - მუშაობენ. მალე ამ რეგიონების რიცხვს გურიაც დაემატება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს დეპარტამენტს ამ რეგიონებში მუდმივი საკონტაქტო პირი ჰყავს: პროფესიონალი, რომელიც კონკრეტულ საქმეებზე როგორც კონსულტირების, ისე ინფორმაციის შეგროვებისა და მასალების მოძიების კუთხით მუშაობს. ძალიან ხშირად გვჭირდებოდა ხოლმე რეგიონებში ადგილზე ჩასვლა, მაგალითად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთან გასაუბრება, პოლიციის განყოფილებაში მისვლა და ა.შ. თუ ადრე ამ ქმედებებს რესურსის სიმცირის გამო შერჩევით ვახორციელებდით, ახლა ეს რესურსი გაცილებით მეტია და სწრაფი რეაგირება თუ კომუნიკაცია უკეთ ხდება. მით უმეტეს, ზოგ რეგიონს განსაკუთრებული სპეციფიკა ახასიათებს: ზოგან მსხვერპლები ნაკლებად ენდობიან პოლიციას, ნაკლებად გახსნილები არიან და პირადი კომუნიკაცია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად გადამწყვეტია. თანაც, ეს ადამიანები ეთნიკური უმცირესობების ენაზე საუბრობენ, რაც დამატებით გვეხმარება.

ამას გარდა, გენდერის სპეციალისტების დახმარებით, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული სიტუაცია რეგიონებში სულ სხვა რაკურსით, ერთიანი სურათით დავინახეთ. გვაქვს ინფორმაცია იმ აქტორების - არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ აქტივისტების შესახებ, რომლებიც ამ რეგიონებში გენდერულ თანასწორობაზე მუშაობენ. ეს ერთიანი სურათი და ტენდენციები ყოველთვიურად მოგვეწოდება. შემდეგ შესაბამისად ვგეგმავთ შეხვედრებსა და ინიციატივებს.

მოგეხსენებათ, რაც უფრო იზრდება შეტყობინებები, მით უფრო მცირდება დანაშაულის მასშტაბები. დღესდღეობით სახალხო დამცველისთვის მიმართვიანობის 90% დედაქალაქზე მოდის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რეგიონებში უკეთაა საქმე. უბრალოდ, იქ ცნობიერების დონეა ძალიან დაბალი. გენდერის სპეციალისტების ჩართულობა ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია: მათ ყველა იცნობს, ისინი აქტიურად მონაწილეობენ გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში და, ამასთან, მათთან ადგილობრივები მეტად გახსნილები არიან.

გენდერის სპეციალისტებს ყველაზე ხშირად მოქალაქეები რა საკითხებზე მიმართავენ?

ყველაზე მაღალი მომართვიანობა ოჯახში ძალადობაზეა. აქტუალური პრობლემაა ადრეული ქორწინებაც. 18 წლამდე ქორწინების კანონით აკრძალვამ პოზიტიური გავლენა მოახდინა, გარკვეულწილად ცნობიერებაც გაიზარდა, თუმცა არასწრულწლოვანთა ნიშნობები კვლავ პრობლემად რჩება. მოიმატა ლგბტ თემის მხრიდან მომართვიანობამ. ძალადობის საკითხებზე ძირითადად ტრანსგენდერი თემი მოგვმართავს ხოლმე, თუმცა გაზრდილია ჰომოფობიური ნიშნით ოჯახში ძალადობაც. ჩვენი გენდერის სპეციალისტები იმ ლგბტ უფლებადამცველ ორგანიზაციებთანაც თანამშრომლობენ, რომლებსაც რეგიონებში ფილიალები აქვთ.

როგორ გაგრძელდება გენდერის სპეციალისტების მუშაობა პროექტის დასრულების შემდეგ?


რა თქმა უნდა, ვეცდებით, რომ ამ ადამიანებმა ისევ სახალხო დამცველის რეგიონულ ოფისებში გააგრძელონ მუშაობა, რადგან მათი დახმარებით გენდერული თანასწორობის საკითხების კუთხით სწორედ ეს რეგიონული ოფისები ძლიერდებიან. გენდერული თანასწორობის პრობლემა 1-2 წელიწადში ვერ მოგვარდება, ის დაუღალავ შრომას, დიდ ინვესტიციას საჭიროებს და ამისთვის ყველანი მზად ვართ.