საქართველოს პროკურატურა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით აქტიურ პოზიციას იკავებს

თარიღი:

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სალომე შენგელია; ფოტო: საქართველოს პროკურატურა
რა ღონისძიებები ხორციელდება უწყებაში ამ კუთხით და როგორია მისი სამომავლო გეგმები? გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოს მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია ესაუბრა.

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა სამართლებრივი დევნის თვალსაზრისით რა ცვლილებები განხორციელდა პროკურატურის პრაქტიკაში?

ბოლო წლებში პროკურატურა, ისევე, როგორც სხვა უწყებები, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართულები, მრავალი გამოწვევის წინაშე იდგა, თუმცა აღსანიშნავია პროგრესი, რომელსაც ამ გამოწვევების დაძლევის კუთხით მივაღწიეთ: უკანასკნელ ხანს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა მიმართვიანობის მაჩვენებელი და იმ საქმეთა რაოდენობა, რომლებზეც სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული. მიგვაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად 2015-2016 წლების განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ჩატარებული საზოგადოებრივი კამპანიების, ასევე პროკურორებისა და ჩვენი უწყების სხვა პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ მიმართული სისტემური ძალისხმევის შედეგია.

საქართველოს პროკურატურის განვითარების 2017-2021 წლების სტრატეგიაში სპეციალური თავი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. უწყების მიზანი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების გამოვლენის მექანიზმების გაუმჯობესება, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა, სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოება, ასევე, პროკურატურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ უწყებაში არსებული შესაძლებლობების გაუმჯობესებას ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის დანაშაულთან ეფექტიანად საბრძოლველად. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით შემუშავდა ტრენინგის სპეციალური პროგრამა პროკურორებისათვის და ბოლო ორი წლის განმავლობაში 10-ზე მეტი სასწავლო კურსი ჩატარდა.

გამომძიებლებისა და პროკურორებისთვის შემუშავებულია სახელმძღვანელო მითითებები, რომლებითაც მათ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის, ასევე ოჯახში ძალადობის საქმეებზე მუშაობისას უნდა იხელმძღვანელონ. რა გავლენა მოახდინა ამ სახელმძღვანელო მითითებებმა გამოძიების ეფექტიანად წარმოებაზე?


ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ქმედითი პრევენციისა და მასზე რეაგირების, გამოძიების პროცესში არსებული პრობლემების იდენტიფიცირების, ასევე პროკურორებისთვის სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავების საჭიროების განსაზღვრის მიზნით საქართველოს პროკურატურა ყოველწლიურად ფართომასშტაბიან კვლევას ატარებს. კვლევის ფარგლებში ვაანალიზებთ სისხლის სამართლის საქმეებს და კონკრეტული საკითხების იდენტიფიცირებას ვახდენთ. სწორედ ამ კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაცია პროკურორებისთვის ოჯახში ძალადობის სისხლისსამართლებრივ საქმეებზე აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ. რეკომენდაციის მიზანი ოჯახში ძალადობის დანაშაულის საქმეებზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარების ხელშეწყობა და საპროკურორო ზედამხედველობის ეფექტიანობის გაზრდაა. მიმდინარე წელს ასევე ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შემთხვევათა საფუძვლიანი ანალიზი ჩატარდება, რაც მიზნად ისახავს პროკურორებისთვის ხელმძღვანელობის გაწევას ამგვარ საქმეთა წარმოებაში და სისხლის სამართლის პოლიტიკის მიმართულებათა განსაზღვრას.

ძალადობრივი დანაშაულების, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე პროკურატურის მიდგომა მკაცრია: ბრალდება კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში მკაცრი სანქციის გამოყენებაზეა ორიენტირებული. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ღონისძიებების (დისკრეცია/განრიდება) გამოყენება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ხდება. ოჯახურ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 2015-2016 წლებში 50-60%-ით გაიზარდა, რაც პროკურორთა ეფექტიანი საპროკურორო ზედამხედველობის შედეგია.

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის თვალსაზრისით რა ნაბიჯების გადადგმა იგეგმება საქართველოს პროკურატურაში?


ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში წლების განმავლობაში ჩვენი პარტნიორია გაეროს ქალთა ორგანიზაცია, რომელსაც მხარს უჭერს შვედეთის მთავრობა. წელსაც არაერთი ერთობლივი აქტივობის განხორციელებას ვგეგმავთ. მათ შორის გათვალისწინებულია პროკურორების პროფესიულ განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობის გაგრძელება, შესაბამის სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთობლივი მრავალდარგობრივი შეხვედრების ჩატარება, რაც მიზნად ისახავს თანამშრომლობის უზრუნველყოფას და მრავალსექტორული რეაგირების გაძლიერებას.

ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარებაც, რადგან აღნიშნულ დანაშაულთან მიმართებით სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმირებულობა სწორედ ამგვარმა ღონისძიებებმა გაზარდა. ამის დასტურია სამართალდამცავი ორგანოებისადმი დაზარალებულთა მიმართვიანობის გაზრდა.

შარშან საქართველოს პროკურატურის პროექტის ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ და ადგილობრივი საკოორდინაციო ორგანოს - ,,ადგილობრივი საბჭოს“ - ფარგლებში პროკურორები რეგულარულად ატარებდნენ მოსახლეობასთან შეხვედრებს ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. აღსანიშნავია „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარებული ვიდეორგოლების კონკურსი - „მოზარდები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის სკოლა იყო ჩართული. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ გადაღებული ვიდეორგოლები, რომლებიც ოჯახში ძალადობის ნეგატიურ შედეგებს ასახავს. ეს პრევენციული, ინფორმირებულობის გაზრდისკენ მიმართული ღონისძიებები 2017 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.