ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოში გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა

თარიღი:

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოში გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა

სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლები სამინისტროს მიერ წარდგენილ გეგმას განიხილავენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდის სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში შეკრებილ სამოქალაქო საზოგადოებასა და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარუდგინა.

დევნილთა სამინისტრო ერთ-ერთი პირველია იმ სამინისტროებს შორის, რომლებმაც საკუთარი უწყებისთვის გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. სამინისტრომ გენდერული საკითხები შიდა პოლიტიკასა და იმ პროგრამებში ჩართო, რომლებიც დევნილების, ლტოლვილების, ეკომიგრანტებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებლადაა გამიზნული. სტრატეგიის შემუშავებაში სამინისტროს დახმარება გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პროექტის „საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ ფარგლებში გაუწია. აღნიშნულ პროექტს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობითა და ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს. ამასთან, სამინისტრომ გენდერული თანასწორობის შიდა ინსტიტუციური მექანიზმი ჩამოაყალიბა: დანიშნა მინისტრის მრჩეველი გენდერულ საკითხებში, დააარსა გენდერული თანასწორობის დეპარტამენტთაშორისი კომისია და რეგიონულ განყოფილებებში გენდერული თანასწორობის საკითხებში საკონტაქტო პირები დანიშნა.

მინისტრის მრჩეველმა გენდერულ საკითხებში ნათია ხაინდრავამ სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა წარადგინა. მან ყურადღება გაამახვილა მიღწეულ წარმატებაზე, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებსა და განხორციელების პროცესში წამოჭრილ გამოწვევებზე. შეხვედრაზე დამსწრე ქალებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროსთან ურთიერთობის გაუმჯობესება აუცილებელია: „კომუნიკაციას ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. სამინისტროსგან დროული პასუხის მიღება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს“, - აღნიშნა ციცინო ბიბილაიამ სათემო ფონდ „ეგრისიდან“. შეხვედრის მონაწილეებმა სამინისტროს ცხელი ხაზის საკითხზეც ისაუბრეს. ცხელი ხაზი უფასო არ არის და, შესაბამისად, დევნილებს სამინისტროსთან დაკავშირება მობილური კავშირის მაღალი ტარიფის გამო ხშირად არ შეუძლიათ. ნათია ხაინდრავა შეხვედრის მონაწილეებს დაჰპირდა, რომ ამ საკითხს მინისტრს შეატყობინებდა.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამინისტროს, ადგილობრივი მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილი ქალების მონაწილეობით შეხვედრები რეგულარულად გაიმართება, რათა სამინისტროსა და ადგილობრივი მთავრობის პროგრამებისა და სერვისების შესახებ კომუნიკაცია გაუმჯობესდეს.