ხელისუფლებასთან დიალოგში სოფლად მცხოვრები მეტი დევნილი ქალი ერთვება

თარიღი:

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ ზუგდიდში (სამეგრელოს რეგიონი) დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში ჩართულ მთავრობას შორის, ინფორმაციის გაზიარების მიზნით, მორიგი შეხვედრა გაიმართა.

დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალები შეხვედრაზე განახლებულ ინფორმაციას ეცნობიან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია 
გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით ჩატარებულმა შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია სოფლად, მათ შორის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში - ხურჩაში, კოკში, ორსანტიაში, ანაკლიასა და ფოცხოეწერში მცხოვრებ ქალებს შორის.
თამთა გოგუაძემ, რომელიც სახელმწიფო უშიშროების სამსახურს წარმოადგენდა, დამსწრე საზოგადოებას ის უახლესი ინფორმაცია გააცნო, რომელიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტაციის დამუშავებას უკავშირდება. მან იმ ზომებზეც ისაუბრა, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო და საერთაშორისო დონეებზე განხორციელდა. თამთა გოგუაძემ ყურადღება გაამახვილა დაბრკოლებების შესახებ ინფორმაციის უშუალოდ იმ ქალებისგან მიღების მნიშვნელობაზე, ვისაც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გადაკვეთა უწევს. როგორც მან აღნიშნა, ეს ინფორმაცია ხელს უწყობს ქმედითი ზომების განხორციელების შესაძლებლობას, ამ ქალთა უფლებებისა და გადაადგილების თავისუფლების უფლების დაცვას.

უსაფრთხოების საკითხებთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებმა ის საკითხებიც განიხილეს, რომლებიც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მცხოვრებმა ქალებმა ჯანმრთელობისა და სოციალურ-ეკონომიკური კუთხით წამოჭრეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენლის ზვიად ზვიადაძის თქმით, 2018 წელს რუხში ახალი საავადმყოფო გაიხსნება, რომელიც ახლომდებარე სოფლების მცხოვრებთათვის ჯანდაცვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდებას შეძლებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს მრჩეველმა ლალი დევიძემ კი ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები პირების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის საქმიანობის ფარგლებში, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებების დაკმაყოფილებაზეა მიმართული.

ია ნალჩევანიძემ ყურადღება იმ პრობლემებზე გაამახვილა, რომლებსაც სოფელ ხურჩაში მცხოვრები ქალები ყოველდღიურად აწყდებიან, მათ შორის ჯანდაცვისა და ფსიქო-სოციალური მომსახურებების ხელმისაწვდომობის არარსებობაზე, ასევე შემოსავლის (სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვის შედეგად) წყაროებთან დაკავშირებულ სირთულეებზე: „ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებისთვის ჩემი თემის პრობლემების გაზიარება და მიმდინარე თუ დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის მიღება იმედით მავსებს. მე ჩემს თანასოფლელ ქალებს იმედის ნაპერწკალს ჩავუტან“, - აღნიშნა ია ნალჩევანიძემ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, მოქალაქეებსა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მონაწილეებს შორის შეხვედრების ჩატარება 2013 წელს წამოიწყო. ისინი დიალოგის რეგულარული მექანიზმი გახდა. შეხვედრებს თავმჯდომარეობს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს მიერ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტექსტში.