როგორ შეუძლია კერძო ბიზნესს ქალებისა და გოგოების გაძლიერება?

თარიღი:

მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში მოქმედი 15 კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე ის როლი განიხილეს, რომელსაც კერძო სექტორი ქალებისა და გოგოების გაძლიერებაში, გენდერული თანასწორობის მხარდაჭერასა და მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე მიღწევაში ასრულებს.

კოკა-კოლა თურქეთის გლობალური მდგრადობის ვალდებულებებისა და პარტნიორებთან კომუნიკაციების მენეჯერი აიდან ოლცერი და საზოგადოებრივი საკითხებისა და კომუნიკაციის მენეჯერი ალექსანდრა აკირმანი კოკა-კოლას ქალთა გაძლიერების სტრატეგიის პრეზენტაციისას; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
კომპანია კოკა-კოლამ ვალდებულება აიღო, რომლის მიხედვითაც ის 2020 წლამდე 5 მილიონი ქალისა და გოგოს გაძლიერებას დაუჭერს მხარს. კოკა-კოლა თურქეთის გლობალური მდგრადობის ვალდებულებებისა და პარტნიორებთან კომუნიკაციების მენეჯერმა აიდან ოლცერმა განაცხადა, რომ ამ მიზანთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი პროგრესია უკვე მიღწეულია, თუმცა სამუშაო კვლავაცაა. მან კოკა-კოლას მიერ ბელარუსში, აზერბაიჯანში, სამხრეთ აფრიკასა და სხვა ქვეყნებში განხორციელებული სათემო ინიციატივების წარმატებული მაგალითები წარადგინა. მონაწილეებმა განიხილეს, თუ რა როლი და პასუხისმგებლობები ეკისრება კერძო სექტორს ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და „უფრო მდგრადი და მომგებიანი“ ბიზნესის წარმოების საქმეში.

კოკა-კოლა თურქეთის საზოგადოებრივი საკითხებისა და კომუნიკაციის მენეჯერმა ალექსანდრა აკირმანმა ხაზგასმით აღნიშნა: „ქალების პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის ათვისებული და ჩვენ, კოკა-კოლაში გვჯერა, რომ ქალებისა და გოგოების, შესაბამისად, ოჯახების, თემისა და საზოგადოების გაძლიერების დახმარებით, ხელშესახებ ზეგავლენას მოვახდენთ. ვაღიარებთ, რომ აღნიშნულის მიღწევა მხოლოდ მთავრობებთან, თემებსა და განვითარებაზე მომუშავე მხარეებთან ძლიერი პარტნიორობის გზითაა შესაძლებელი.“

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს უფროსმა ნატალია ჯალიაშვილმა დასძინა: „საქართველოს მთავრობისთვის ბიზნესსა და ადამიანის უფლებებზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად ადამიანის უფლებების დაცვის სამოქმედო გეგმა, ინიციატივის „ქალთა გაძლიერების პრინციპები: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“ მეშვეობით, ქალთა გაძლიერებასთან დაკავშირებით რამდენიმე დებულებას მოიცავს, მაგრამ შემდგომი გაუმჯობესებისთვის სიამოვნებით მივიღებთ წვლილს კერძო სექტორიდან, განვითარებაზე მომუშავე პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან, რასაც, რასაკვირველია, ახალ სამოქმედო გეგმაში მიზნების დასახვისას გავითვალისწინებთ.“

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის სხვადასხვა დაკავშირებულ მხარეს შორის სივრცის შექმნა, რათა უზრუნველყოფილი იყოს გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული პროგრესი და ქალთა გაძლიერების საკითხები 2030 წლის დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი გახდეს. „კერძო სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს მხრიდან მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მიმართულებით პროგრესის დაჩქარებაში. კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორობის გარეშე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეული არ იქნება“, - განაცხადა მან.

შეხვედრა ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის მიერ, კოკა-კოლა თურქეთთან თანამშრომლობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური კომპაქტის ერთობლივი ინიციატივის „ქალთა გაძლიერების პრინციპები: თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“ მეტი მხარდაჭერისთვის.