საქართველომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა

თარიღი: პარასკევი, 19 მაისი, 2017 წელი

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ კონვენციის (შემდგომში ‘’სტამბოლის კონვენცია“) სარატიფიკაციო სიგელის დეპონირება მოახდინა. საქართველოსთან მიმართებაში კონვენცია ძალაში 2017 წლის პირველი სექტემბრიდან შევა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეს გაბრიელა ბატანი-დრაგონის სტამბოლის კონვენციის სარატიფიკაციო სიგელი გადასცა; ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო 
კონვენციის რატიფიცირებით საქართველოს პარლამენტმა დაადასტურა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა ქვეყნისთვის პრიორიტეტია. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობის კონვენციასთან ჰარმონიზაციის მიზნით, პარლამენტმა 2017 წლის 4 მაისს კონვენციის თანმდევი სარატიფიკაციო ცვლილებათა პაკეტი მიიღო, რომელიც 24 საკანონმდებლო აქტში მნიშნველოვანი ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ განაცხადა, „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა. იგი გენდერული უთანასწორობისა და სისტემური გენდერული დისკრიმინაციის უკიდურესი გამოვლინებაა. სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთისკენ მიმართული ღონისძიებებისა და პრევენციის ყოვლისმომცველი მექანიზმების გაძლიერებას. აღნიშნული პროცესი უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მე-5 მიზნის მისაღწევად, რომელიც საქართველოს მიერ ეროვნულ დონეზე აღებული ვალდებულებაა.“

სტამბოლის კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის სფეროში ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო ხელშეკრულებაა. კონვენცია ხელმოსაწერად 2011 წელს გაიხსნა და ძალაში 2014 წლის აგვისტოში შევიდა.

სტამბოლის კონვენცია ქალთა მიმართ ძალადობას ადამიანის უფლებების დარღვევად აცხადებს. იგი წევრ სახელმწიფოებს სხვადასხვა ღონისძიების გატარებას ავალდებულებს. მათ შორისაა ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობის ეფექტიანი ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება, ქალების დაცვა ძალადობის ყველა ფორმისგან, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენცია და აღკვეთა. ქალთა მიმართ ძალადობასა და ოჯახში ძალადობაზე მრავალმხრივი რეაგირების მიზნით, იგი მოქმედებისაკენ მოუწოდებს სამთავრობო უწყებებს, ცენტრალურ, რეგიონულ და ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ქვეყანაში მოქმედ ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.