ჩემი გადმოსახედიდან: “თავისუფლების ფასი არაფერია”

თარიღი: სამშაბათი, 2 მაისი, 2017 წელი

მაია ფელიშვილი; ფოტო: ნურლანა ახმედოვა
12 წელი მუსიკის მასწავლებელი ვიყავი. ერთ დღესაც ბილბორდზე ქალი პოლიციელების ფოტო დავინახე. იქვე ეწერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უბნის ინსპექტორის კურსებზე მიღებას აცხადებდა, თანაც, უპირატესობა ქალებს ენიჭებოდათ. ზრდილობიანი, მოწესრიგებული უბნის ინსპექტორები, რომლებიც ნებისმიერის დასახმარებლად იყვნენ მზად, ძალიან მომწონდა. მინდოდა ადამიანებს მეც დავხმარებოდი, ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპი - ქალს რა უნდა პოლიციაში - მაშინ კიდევ უფრო ძლიერი იყო, დამატებითი ინფორმაცია მოვიძიე და 33 წლისამ პოლიციის აკადემიაში ჩავაბარე.

პოლიციაში სხვა ადამიანების დასახმარებლად წავედი, თუმცა აკადემიაში, ოჯახში ძალადობის კურსის გავლისას აღმოვაჩინე, რომ დახმარება თურმე თავადაც მჭირდებოდა. გავაცნობიერე, რომ 15 წელი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ვიყავი და პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი, რომელიც მოძალადე ქმრის სურვილის საწინააღმდეგოდ გადავდგი, პოლიციაში წასვლა იყო. მალე ამ ნაბიჯმა ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა: 2 თვეში შვილებთან ერთად ცალკე გადავედი და ძალადობას წერტილი დავუსვი. 


მას შემდეგ 10 წელი გავიდა. ახლა ბილბორდზე ნანახი გოგო ქალაქ რუსთავში ჩემთან ერთად მუშაობს, თუმცა ქალი პოლიციელის დანახვა ახლაც უკვირთ. „რთული არ არის?- მეკითხებიან ხოლმე ხშირად. ასეთ დროს ყოველთვის ვუხსნი, რომ მთავარი პროფესიონალიზმია და ეს სქესზე არაა დამოკიდებული. ის რომ ქალი ვარ, მოვალეობის შესრულებაში მხოლოდ მეხმარება: როდესაც ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე მივდივარ, მეტად იხსნებიან. „ქალი ხარ და გამიგებ“ - ამ ფრაზას ხშირად მეუბნებიან ხოლმე, თუმცა ხდება ისეც, როდესაც მსხვერპლები დუმილს ირჩევენ. ასეთ დროს უკვე საკუთარი მაგალითი მეხმარება: მათ ჩემს ისტორიას ვუყვები, ამბავს, რომელიც თავად გადამხდა და ნდობის ფაქტორიც მაშინვე ჩნდება. მერე ეს ქალები ჩემთან უკვე სხვა მსხვერპლებს აკავშირებენ.

ქალების, რომლებიც ძალადობის მსხვერპლები საკუთარ ოჯახში ხდებიან, კარგად მესმის. ისიც ვიცი, რომ ამ სიტუაციიდან გამოსვლა და ცხოვრების დამოუკიდებლად დაწყება, რთულია. მე ხომ ეს გზა თავადაც გავიარე, თუმცა სწორედ საკუთარმა გამოცდილებამ დამანახა, რომ თავისუფლების ფასი არაფერია! ქალებს, რომლებმაც ოჯახში ძალადობა დავძლიეთ, ეს თავისუფლება განსაკუთრებულად გვესმის. ჩვენთვის იმის განცდა, რომ არავინ გზღუდავს, კარზე კაკუნის არ გეშინია და სადმე წასასვლელად ნებართვა არ გჭირდება, ძალიან ღირებულია. იმ ქალებს კი, რომლებიც შიშის, სტერეოტიპების, სოციალური მდგომარეობის თუ სხვა ფაქტორების გამო ამ პრობლემას ითმენენ, ყოველთვის ვეუბნები, რომ ძალადობის მოთმენა არაფრის სანაცვლოდ არ ღირს.

43 წლის მაია ფელიშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელია. 10 წელია პოლიციაში მუშაობს. მისი საქმიანობის ძირითადი ნაწილი ოჯახში ძალადობასა და არასრუწლოვანთა საკითხებს უკავშირდება. მაიას ამ კუთხით არაერთი სწავლება აქვს გავლილი, სისტემატურად მონაწილეობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენინგებში, რომელიც გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. იგი აქტიურადაა ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო კამპანიაში „ძალა ნდობას“. ამავდროულად, მაიას საქმიანობა ეხმიანება გენდერული თანასწრობის შესახებ მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის მიღწევას და მის ამოცანას ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე.