საჯარო მოხელეებს სექსუალური შევიწროების პრევენციის ვალდებულება ეკისრებათ

თარიღი:

საქართველოს მთავრობას საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსში ცვლილებები შეაქვს. აღნიშნული ცვლილებები საჯარო მოხელეებს დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების ვალდებულებას დააკისრებს.

საჯარო სამსახურის ბიუროს დირექტორი ეკატერინე ქარდავა განმარტავს ქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების აუცილებლობას, რომელიც საჯარო მოხელეებს დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების პრევენციისა და მასზე რეაგირების ვალდებულებას დააკისრებს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
ცვლილებების პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით მომზადდა. შედეგად, შექმნილი გარემო სამომავლოდ დასაქმების ადგილებზე პრევენციული ღონისძიებების განხორციელებასა და სექსუალური შევიწროების დაუშვებლობას შეუწყობს ხელს. მარტში საქართველოს მთავრობამ განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც საჯარო მოხელეთა ქცევის კოდექსში ცვლილებები მიმდინარე წლის ივლისში შედის. სექსუალური შევიწროების შესახებ დებულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადგილობრივ კანონმდებლობაში გარკვეული ხარვეზები არსებობს: შრომის კოდექსი სექსუალური შევიწროების საკითხებს არ ითვალისწინებს, ხოლო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, რომელიც სექსუალური შევიწროების განმარტებას იძლევა, შესაბამის სამართლებრივ სანქციებს არ გვთავაზობს.

ცვლილებების შემდეგ ქცევის კოდექსის მე-15 მუხლში აღნიშულია, რომ საჯარო მოხელეები უნდა გაეცნონ სექსუალური შევიწროების განმარტებას, ასევე, დასაქმების თუ საჯარო ადგილებში მის დაუშვებლობას. ამას გარდა, მასში გათვალისწინებულია ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების ვალდებულება, რომ სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე რეაგირება მოახდინონ. ქცევის კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მომზადდა.

საჯარო სამსახურის ბიუროს დირექტორი ეკატერინე ქარდავა მე-15 მუხლის მნიშვნელობას შემდეგნაირად განმარტავს: „აღნიშნული ცვლილებების მიზანი ისეთი სამუშაო გარემოს შექმნაა, რომელშიც, სქესის ან სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად, ყველას თანასწორად ექცევიან. ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ დასაქმებულმა პირებმა იცოდნენ, თუ რა არის სექსუალური შევიწროება და როგორ გამოავლინონ ასეთი შემთხვევები. რეგულაციები ასევე ხაზს უსვამს მენეჯერების ვალდებულებას, რომ მათ მიუღებელი ქცევის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირება მოახდინონ“, - აღნიშნავს ეკატერინე ქარდავა.

„ქცევის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების პარალელურად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების პრევენციის შესახებ საჯარო მოხელეებისთვის ელექტრონული კურსი შეიმუშავა. კურსი საჯარო სამსახურის ბიუროსთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან, სახალხო დამცველის ოფისთან, პროფკავშირებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან პარტნიორობით შეიქმნა (კურსი განთავსებულია სახალხო დამცველის ოფისის ვებგვერდზე და მარტივადაა ხელმისაწვდომი). საჯარო სამსახურის ბიურომ საჯარო მოხელეებს რეკომენდაციაც მისცა, რომლის მიხედვითაც ეს კურსი ყველა სამინისტროსა და საჯარო უწყებაში უნდა დაინერგოს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ აღნიშნული კურსი უკვე ყველა თანამშრომლისთვის სავალდებულო სასწავლო პროგრამად დანერგა