იძულებით გადაადგილებული ქალების საჭიროებებისა და პრიორიტეტების დაკმაყოფილება

თარიღი: სამშაბათი, 16 მაისი, 2017 წელი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დასავლეთ საქართველოში ადგილობრივ ხელისუფლებასა და იძულებით გადაადგილებულ ქალებთან, მათი საჭიროებებისა და პრიორიტეტების განხილვის მიზნით, ორი შეხვედრა გამართა.

სამინისტროს წარმომადგენლების, ზუგდიდის გამგებლისა და დევნილების შეხვედრა პრობლემებისა და პრიორიტეტების განსახილველად; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე 2017 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური დახმარებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებულ დიალოგებს 2016 წლიდან მართავს.

ნანა თოდუა აფხაზეთდან 1990-იან წლებში წამოვიდა. ის დასავლეთ საქართველოში, იმერეთის რეგიონში, ქალაქ ქუთაისში ცხოვრობს. ის ქუთაისში ქალაქის მერსა და სამინისტროს იძულებით გადაადგილებული პირების დეპარტამენტის უფროსთან შესახვედრად მოვიდა, რათა თემში არსებული გამოწვევები გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე მოეტანა:

„ჩვენს დასახლებაში ბევრი ისეთი ბავშვია, რომელსაც დღეში რამდენჯერმე გზის გადაკვეთა სჭირდება. საგზაო მოძრაობის კუთხით კი სიტუაცია უსაფრთხო არ არის. უბანში ზებრა გადასასვლელი გვესაჭიროება. ხელი ნაკლებად მიგვიწვდება სარეცხ საშუალებებზეც, რაც ქალების შრომას უფრო გაამარტივებდა და მათ შემოსავლის მომცემი საქმიანობების განსახორციელებლად მეტ თავისუფალ დროს მისცემდა“,- ამბობს ნანა თოდუა.

ადგილობრივ უწყებებსა და მოქალაქეებს შორის მონაწილეობითი შეხვედრების ორგანიზების დახმარებით, იძულებით გადაადგილებული ქალების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილება სამინისტროს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმის, ისე გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში. ის კონკრეტული პრობლემები, როგორებიცაა იძულებით გადაადგილებული პირების დაბინავება და მათი საცხოვრებელი პირობები, სოციალურ მომსახურებებზე წვდომა და ხარისხი, ან მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებისა და შეღავათების ხელმისაწვდომობა ამგვარ შეკრებებზე ხშირად განიხილება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდჭერით ამგვარი შეხვედრები 2016 წლიდან იმართება და ისინი პროექტის „იძულებით გადაადგილებული პირების თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ ნაწილია. პროექტს გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ. მისი მიზანი იძულებით გადაადგილებული მოწყვლადი პირების საარსებო საშუალებების გაუმჯობესება და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით თემის წევრების მიერ ინიცირებული სოციალური ინვესტიციებისთვის თანადაფინანსების უზრუნველყოფაა.

სოციალური ინფრასტრუქტურის ერთობლივი პროექტების იდეები, როგორც ადგილობრივი საჭიროებების დაკმაყოფილების მექანიზმი, დიალოგის ფარგლებში გამართული მეორე შეხვედრის განსახილველი მთავარი საკითხი იყო. შეხვედრა სამინისტროს ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელსა და იძულებით გადაადგილებულ პირებთან ერთად გაიმართა. ზუგდიდის გამგებელი ლაშა გოგია ყურადღებით შეხვდა თემის წევრების მიერ გამოვლენილ საჭიროებებსა და პრიორიტეტებს. როგორც მან აღნიშნა, სოციალური ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად თემის მხრიდან გამოვლენილ ინიციატივებს მხარს დაუჭერს:

„ჩვენ არა მარტო მხარს დავუჭერთ თემის წევრების ინიციატივებს, რათა იქ, სადაც ისინი ცხოვრობენ, პირობები და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესდეს, არამედ საკუთარ წვლილსაც შევიტანთ და, თუ აუცილებელია, განვითარებაზე ორიენტირებული ამგვარი პროექტების განხორციელებაში სხვა დაკავშირებულ მხარეებსაც ჩავრთავთ“,- დასძინა მან.
მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები