რაგბის სოციალური ძალა

თარიღი:

იმედის ჩანერგვა და ლელოს გატანა სოფლიდან სოფელში.

ბიჭები სოფელ ფლავიდან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ფლავი, საქართველო - ახალგაზრდა ბიჭების ჯგუფი სკოლასთან ახლოს, მინდორში რაგბის მხიარულად თამაშობს. დღეს მათი მწვრთნელები საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მოთამაშეები არიან. ბავშვები აღტაცებას ვერ მალავენ.

სამი კვირის შემდეგ სათამაშოდ რუსეთის ეროვნული ნაკრები ჩამოდის. საქართველო მატჩს ანგარიშით 28-14 იგებს. საღამო გენდერული თანასწორობის გამარჯვებაცაა: ბორჯღალოსნები თამაშს HeForShe-ს უძღვნიან, რითაც გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის და გენდერული ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას მხარდაჭერას უცხადებენ.

ეს კაცები ფლაველი ბიჭებისთვის გმირებად რაგბიმ აქვია, ამიტომ თებერვლის ბოლოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მორაგბეები ნოდარ ანდღულაძე, ლექსო გუგავა და ლევან ჯობავა გორის ჩრდილოეთით მდებარე სამ სოფელში ფლავში, აძვსა და ნიქოზში ჩადიან.

მორაგბეების ვიზიტი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს რაგბის კავშირის ეგიდით ტარდება. ნოდარი, ლექსო და ლევანი 10-14 წლის ბავშვებით სავსე საკლასო ოთახში ბურთით ხელში შედიან.

ისინი ბავშვებს რაგბის შესახებ ეკითხებიან და თითოეული პასუხისას მათ რაგბის ბურთს ესვრიან. პასუხები სხვადასხვაა, თუმცა სტუმრებს საუბარი ისევ მთავარი თემისკენ - მამაცობის, დისციპლინისა და პატივისცემისკენ გადააქვთ.

„რაგბიში შესაფერისი პოზიცია ყველასთვის მოიძებნება, სიმაღლის, ფორმისა და სქესის მიუხედავად“, - ამბობს ნონო და ბურთს ერთ-ერთ გოგოს აწვდის.

შემდეგ კი საუბარს სერიოზული ტონით ლექსო აგრძელებს: „სხვა მოთამაშეებს ისე უნდა მოექცეთ, როგორც თქვენ გინდათ მოგექცნენ: მინდორზეც და სახლშიც“. შემდეგ პაუზას აკეთებს და ირგვლივ მყოფ ახალგაზრდებს ეუბნება: „ეს ქალებთან მოქცევასაც ეხება“.

მათ საუბარი ოჯახში ძალადობაზე ისე გადააქვთ, რომ ბავშვები ამას ვერც კი ამჩნევენ. ახლა უმეტესობას უკვე საუბარი ამ თემაზე სურს.

„ამაზე ლაპარაკი ყველას არ უნდა“, - ამბობს მოგვიანებით ნონო. „ეს ყველაზე რთული მხარეა, თუმცა დიდი ხნის შემდეგ უკვე მათ სახეებზე შეგიძლია დაინახო და აღმოაჩინო, თუ ვინ არის ძალადობის მსხვერპლი, ან ძალადობის მოწმე. ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ არსებობს ცხელი ხაზი და ვუხსნით, რომ როცა ძალადობის შემსწრე ხარ და არაფერს ამბობ, პრობლემის ნაწილი ხდები. ჩვენ იდეებს ვუნერგავთ, მეტის გაკეთება ნამდვილად არ შეგვიძლია“, - აღნიშნავს ნონო.

შემდეგ კი ლევან ჯობავას ბავშვები რაგბის სათამაშოდ გარეთ გაჰყავს და მათ ვარჯიშის, თავდაუზოგავი შრომის აუცილებლობას უხსნის. ბავშვები რაგბით აღტაცებულნი არიან და სწავლობენ, თუ რას ნიშნავს, როცა შებოჭვის დროს მიღებული ტკივილი გსიამოვნებს და რამდენად დიდ ძალას გმატებს ის.

ბოლოს მორაგბეები ბავშვებს ბურთებსა და მაისურებს ურიგებენ. მათ უკვე იციან, რომ თუ ისინი მართლაც წარმატებულები არიან, ეს სწორედ ინფორმირებულობის, იმ ფასეულობებისა და თვითშეფასების გამოა, რომლებიც ბავშვებსაც ნამდვილად გაჰყვებათ თან.

ავტორი: უილ კეთკარტი