„ქალი კადრში“ - გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

თარიღი:

ქალი კინემატოგრაფისტების მიერ გადაღებული დაუვიწყარი ისტორიები განსხვავებული ასაკის, პროფესიისა და ინტერესების ქალებზე, რომლებმაც საკუთარი ცხოვრება და ირგვლივ არსებული გარემო უკეთესობისკენ შეცვალეს. ეს კინემატოგრაფიული ნამუშევრები კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას იმ ბარიერებსა და სტარეოტიპებს, რომლებსაც ქალები თანამედროვეობაშიც აწყდებიან.

კინოფესტივალი "ქალი კადრში"; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ფონდი "ნოოსფერა"
უკვე მეორე წელია გაეროს ქალთა ორგანიზაცია დოკუმენტური კინოფესტივალის ,,ქალი კადრში’’ ფარგლებში საზოგადოებას ამ შინაარსის ფილმებს წარუდგენს. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდ „ნოოსფერას“ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ინიციატივაა.

ფესტივალი ირანელი ქალი რეჟისორის, როხსარე გაემ მაგამის ფილმით „სონიტა“ 8 მარტს გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში კი ორი დღის განმავლობაში ჩეხი, ფრანგი, ქართველი და ჰოლანდიელი ქალი კინემატოგრაფისტების ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.
კინოჩვენებები 8-10 მარტს კინოთეატრ „რუსთველში“ გაიმართება. ჩვენებების შემდეგ მოეწყობა დისკუსიები: მაყურებლებს შესაძლებლობა ექნებათ ქალთა საკითხებსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისტებს შეხვდნენ და ესაუბრონ. ფესტივალი ,,ქალი კადრში“ ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გენდერული კვირეულის ფარგლებში ტარდება.