სპექტაკლმა, რომელიც ქალთა უფლებების მიმართ არსებულ მიდგომებს დაუპირისპირდა, მნიშვნელოვანი აღიარება მიიღო

თარიღი: სამშაბათი, 3 იანვარი, 2017 წელი

2016 წლის 27 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ყოველწლიური თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია მერვედ გაიმართა. ოთხიდან სამი მთავარი ჯილდო სპექტაკლ „ლისისტრატეს“ გადაეცა, რომელიც ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ეძღვნება.

ყოველწლიური თეატრალური პრემია "დურუჯის" დაჯილდოების მერვე ცერემონია გაიმართა; ფოტო: კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო/გელა ბედიანაშვილი
ხელოვნება და მათ შორის თეატრი ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების, მის მიმართ საზოგადოების აღქმისა და მიდგომების შეცვლის ძლიერი ინსტრუმენტია. ამ მიზნით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „საქართველოში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში, (შვედეთის მთავრობის დაფინანსებით), გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2015 წელს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე „ლისისტრატეს“ პრემიერა შედგა. მას შემდეგ პიესა რუსთაველის თეატრის მუდმივ რეპერტუარში შევიდა და სხვა სცენებზე, მათ შორის ქუთაისის თეატრშიც, დაიდგა.

პიესა დრამატურგ არისტოფანეს მიერ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 411 წელს დაწერილ ბერძნულ კომედიას ეფუძნება. მასში აღწერილია, თუ როგორ წამოიწყეს ბერძნებმა ქალებმა მნიშვნელოვანი მისია ათენსა და სპარტას შორის მიმდინარე პელოპონესის ომის დასასრულებლად: პარტნიორებთან სქესობრივ ურთერთობებზე უარის თქმით მათ კაცებს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება აიძულეს. ახალი პიესისთვის ქართველმა დრამატურგმა ლაშა ბუღაძემ ანტიკური ისტორია განაგრძო და ის ამბები გადმოსცა, რომლებიც ანტიკურ ნაწარმოებში გადმოცემული მოვლენებიდან 25 წლის შემდეგ მოხდა. ავტორმა პიესაში ქალებსა და კაცებს შორის უთანასწორო უფლებების ამსახველი ურთიერთობები აღწერა.

ამ ისტორიაში ლისისტრატემ და მისმა თანამებრძოლმა ქალებმა მშვიდობის დამკვიდრება მოახერხეს, შემდეგ კი ახალი და პროგრესული ქალაქი დააარსეს. ქალაქში მშვიდობა სუფევს და ქალთა მიმართ ძალადობა არ ხდება, თუმცა მის კედლებს მიღმა ძველი პრობლემები კვლავ აქტუალურია: ქალები დაჩაგრულები არიან და მათზე ძალადობენ. კაცები მუდმივად ცდილობენ ლისისტრატეს ქალაქში შეღწევას, მაგრამ მათი ძალისხმევა ამაოა, რადგანაც ქალაქის კარიბჭეს ამორძალები იცავენ. ლისისტრატეს ერთ-ერთი თანამებრძოლის ქალიშვილს ის კაცი შეუყვარდება, რომლის დედაც ლისისტრატეს მოწინააღმდეგე მოძრაობის წევრია. ოპოზიციას სჯერა, რომ კაცებს უპირატესობა უნდა ჰქონდეთ, ქალები კი მათ ემორჩილებოდნენ. როგორც ჩანს, ქალიშვილისთვის ეს ოდნავ აგრესიული კაცი რომანტიკული და მიმზიდველია, რაც დედისა და მისი მეგობრების განრისხებას იწვევს. ოპოზიციური მოძრაობა და ლიბერალი ქალები რჩევას ლისისტრატეს ეკითხებიან. ის წყვილს დალოცავს, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ კაცი ცოლს სცემს. ლისისტრატეს ქალაქში ბოლო 25 წლის განმავლობაში კაცი პირველად იძალადებს ქალზე. ეს კი შეიძლება დიდ კატასტროფად იქცეს, რადგან ძალადობა უფრო მეტ ძალადობა წარმოშობს. „რისიც გვეშინოდა, ის მოხდა: ქალაქში მოძალადე გაჩნდა“,- ამბობს ერთ-ერთი ქალი. „შეცდომა დავუშვი?“ - ამ შეკითხვას სვამს ლისისტრატე ფარდის დაშვებისას.


პიესა ღია შეკითხვით მთავრდება, აუდიტორიას ოდნავ დაუსრულებლობის შეგრძნებას უტოვებს და მუდმივი დილემის საბოლოო გადაჭრის მოთხოვნილებას უჩენს: შეიძლება თუ არა ოდესმე ქალთა მიმართ ძალადობის დასრულება, ქალებსა და კაცებს შორის თანასწორობის მიღწევა და როგორი იქნება სამყარო, თუ ამ თანასწორობას მივაღწევთ?
ჯილდო „ლისისტრატეს“ რეჟისორმა დავით საყვარელიძემაც მიიღო: „გარდა იმისა, რომ წარმოდგენამ გამოჩენილ მსახიობებს მოუყარა თავი, მისი წარმატება აქტუალური სოციალური პრობლემითა და თემატიკითაა განპირობებული. ვიმედოვნებ, ყველაზე მცირე, რასაც ამ სპექტაკლით მივაღწიეთ ისაა, რომ მაყურებელს საფიქრალი მივეცით“,-აღნიშნა მან.

„დურუჯი“ ქართული თეატრის მთავარი პრემიაა და ის თეატრის წარმომადგენლებს ქვეყანის თეატრალური სფეროს განვითარებაში მიღწევების აღსანიშნად 2009 წლიდან გადაეცემათ. პრემია დავით საყვარელიძემ საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის მიიღო, ხოლო ლაშა ბუღაძემ - საუკეთესო პიესისთვის, რომლის მიხედვითაც სპექტაკლია დადგმული. მსახიობი ნინო კასრაძე კი საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა. შედეგად, „ლისისტრატემ“ ოთხიდან სამი პრიზი აიღო, ხოლო მეოთხე, საუკეთესო კაცი მსახიობისთვის განკუთვნილი პრემია სპექტაკლ „იხვებზე ნადირობაში“ შესრულებული როლისთვის გიორგი გლოველს გადაეცა. ამას გარდა, კულტურის სამინისტრომ სპეციალური პრემიით დააჯილდოვა ახალგაზრდა რეჟისორი ავთანდილ დიასამიძე, რომლის მიზანი თეატრის დარგში მოღვაწე ნიჭიერი ადამიანებისთვის ახალი პროექტების დადგმაში დახმარებაა.

„ახლა სწორედ ის ეტაპია, როცა არავინ უნდა გაჩუმდეს, როცა ჩაგრული არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მარტო დესპოტის პირისპირ,-" განაცხადა ლაშა ბუღაძემ. „მოძალადეები ერთად შევაჩეროთ. ლისისტრატეებს უნდა დავეხმაროთ“,- დასძინა მან.