საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალთა მიმართ ძალადობისგან თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის ვალდებულებას

თარიღი:

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში გაეროს ერთობლივმა პროგრამამ გენდერული თანასწორობისათვის, რომელიც შვედეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე გამართულ მაღალი დონის შეხვედრას უმასპინძლა.

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე გამართული მაღალი დონის შეხვედრა გახსნა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
პარლამენტის წევრებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა, ელჩებმა, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის მიღწევის, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი განიხილეს.

შვედეთის ელჩმა საქართველოში მარტინა კვიკმა აღნიშნა, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევაა და მას ყველა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მორალური თუ ეკონომიკური ზიანი მოაქვს. მისი თქმით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის პრევენცია და აღკვეთა თავისუფალი დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის ერთ-ერთი ძირითადი საწინდარია.

„ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა საქართველოში ყველა ქალი და გოგო დაცული იყოს და ძალადობას არ განიცდიდეს. ყურადღება უფრო მეტად უნდა გავამახვილოთ პრევენციაზე, მუშაობა სკოლებიდან, ადრეული ბავშვობიდან დავიწყოთ და ამ პროცესში შესაბამისი სპეციალისტები ჩავრთოთ“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.

ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიღწევებსა და ბოლო პერიოდში კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მან ყურადღება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა. აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი 2014 წელს მოაწერა. „სტამბოლის კონვენცია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ერთიანი, კოორდინირებული ბრძოლისთვის ქმედით ჩარჩოს უზრუნველყოფს“, - განაცხადა კრისტიან ურსემ.

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ იმედი გამოთქვა, რომ ახლადარჩეული პარლამენტი საქართველოში გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრაში წვლილს პროაქტიულად შეიტანს.

ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტი ელისო ამირეჯიბი მაღალი დონის შეხვედრაზე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ჩატარებული მუშაობის ანგარიში წარადგინა და იმ ღონისძებებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება 2017 წელს იგეგმება. მათ შორისაა გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმის ინსტიტუციონალიზაცია და, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, პრემიერ-მინისტრის აპარატის დაქვემდებარებაში ეროვნული ინსტიტუციური მექანიზმის შექმნა.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატმა ყურადღება იმ სფეროებზე გაამახვილა, რომლებშიც მდგომარეობა გაუმჯობესდა. ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სპეციალური დანაყოფის შექმნისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ამგვარი უწყება ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის პრევენციაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

„ველით, რომ მომავალი წლის შეხვედრაზე კიდევ უფრო მეტ წინსვლას აღვნიშნავთ საქართველოს, როგორც ისეთი ქვეყნის შესახებ, რომელშიც გენდერული ნიშნით ძალადობა არ არსებობს“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთის საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ყოველწლიურად აწყობს. აღნიშნულ შეხვედრებზე პასუხისმგებელი ორგანოების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეული პროგრესის განხილვა, ნაკლოვანებათა იდენტიფიცირება და იმ სფეროების მითითება ხდება, სადაც გაუმჯობესება აღინიშნა. ამას გარდა, ეს შეხვედრები საქართველოში ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღკვეთაზე მომუშავე სხვადასხვა მხარეს შორის პარტნიორობების განმტკიცების შესაძლებლობასაც წარმოადგენს.