თექვსმეტ დღიანი აქტივობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

ევროკავშირი და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ერთობლივ პროექტს იწყებენ

თარიღი: ხუთშაბათი, 8 დეკემბერი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ერთობლივი პროექტი „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ დაიწყეს. სამწლიანი ინიციატივა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და აღმოფხვრას ისახავს მიზნად.


ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროგრამის "ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა" წარდგენა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
პროექტის გახსნის ღონისძიებას ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, გაეროს საქართველოს გუნდის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაძლიერდება პოლიტიკის შემმუშავებელი და მომსახურების მიმწოდებელი ძირითადი ინსტიტუციების ფუნქცია, რომელიც ქალთა უფლებების დაცვის ხელშეწყობასა და ძალადობასთან შეგუების დაუშვებლობას გულისხმობს. ამას გარდა, გაუმჯობესდება ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი, განხორციელდება ინვესტირება ამ პრობლემის პრევენციის, მათ შორის მოძალადეებთან მუშაობის კუთხით.

„ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის მიზნით მუშაობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მანდატის ძირითადი ნაწილია. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოში ადგილობრივ პარტნიორებს სისტემატურ დახმარებას 2011 წლიდან ვუწევთ და ყველა მიმართულებაში ვართ ჩართულები. მათ შორისაა ადვოკატირება, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერების ხელშეწყობა, იმ ქალებისთვის მრავალმხრივი მომსახურების გაწევა, რომელთაც ძალდობას დააღწიეს თავი და მოძალადეთა სამართლებრივი დევნის ხელშეწყობა. ეს აქტივობები მიზნად საზოგადოების დამოკიდებულებაში პოზიტიური ცლილებების შეტანას ისახავს. ევროკავშირის დახმარებით საქმიანობის გაფართოებას, ძალადობის პრევენციაზე მუშაობას, ძალადობის მსხვერპლებისა და იმ ქალების დახმარებას შევძლებთ, რომლებმაც ეს პრობლემა დაძლიეს. ინიციატივის ფარგლებში ორი დამატებითი კრიზისული ცენტრი ქვემო ქართლსა და გურიის რეგიონებში შეიქმნება. დაინერგება მოძალადეთა რეაბილიტაციის საპილოტე პროგრამა, რომელიც განმეორებითი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მოძალადეებისთვის GPS სამაჯურების შემოღებას გულისხმობს. ამ პროცესში მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკით ვიხელმძღვანელებთ“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის წარმომადგენელმა ქეთევან ხუციშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირისთვის გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება უმნიშვნელოვანესი ფასეულობებია, ამიტომ ამ საკითხების პოპულარიზაცია ევროკავშირის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში მუდმივად ხდება. „ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქმედითი ბრძოლა ევროკავშირის მხრიდან ქართველი პარტნიორებისთვის გაწეული მრავალმხრივი დახმარების ნაწილია“, - განაცხადა ქეთევან კუჭუშვილმა.


ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი პროექტი ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის საკითხზე გამართული მაღალი დონის შეხვედრის პარალელურად გაიხსნა. ამგვარი მაღალი დონის შეხვედრებს გაერო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური კამპანიის ფარგლებში ყოველწლიურად აწყობს.