ქალთა უფლებების დამცველს კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მიენიჭა

თარიღი: სამშაბათი, 29 ნოემბერი, 2016 წელი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი 2014 წლიდან კატო მიქელაძის სახელობის ყოველწლიური პრემიის გადაცემის ცერემონიის მხარდამჭერია. ღონისძიების ინიციატორია „ქალთა ფონდი საქართველოში“ და იგი ტრადიციულად 29 ნოემბერს - ქალთა უფლებების დამცველთა საერთაშორისო დღეს ტარდება. პრემია ქალთა უფლებადამცველების ღვაწლის აღიარებას ემსახურება.

ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტები ეკა სხილაძეს კატო მიქელაძის სახელობის პრემიის მიღებას ულოცავენ; ფოტო: "ქალთა ფონდი საქართველოში"
კატო მიქელაძე მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის გამოჩენილი ქართველი ფემინისტი, ქალთა უფლებების დამცველი აქტივისტი და პუბლიცისტი იყო. მისი სახელობის პრემია ორგანიზაციამ „ქალთა ფონდი საქართველოში“ 2013 წელს, ქალთა უფლებადამცველების მნიშვნელოვანი საქმიანობის აღიარებისა და დაფასების მიზნით, დააარსა.

„ის პროგრამა, რომელზეც ქალთა უფლებების დამცველები მუშაობენ, უაღრესად მნიშვნელოვანია და მას მხარდაჭერა სჭირდება. სწორედ ამიტომ დავაარსეთ ეს პრემიაც“, - განაცხადა ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ ხელმძღვანელმა ნანა ფანცულაიამ.

2016 წელს კატო მიქელაძის სახელობის პრემია ქალთა უფლებების აქტივისტსა და დამცველს ეკა სხილაძეს მიენიჭა, რომელიც ამჟამად საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილედ მუშაობს. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ ეკატერინე სხილაძეს პრემიის მინიჭება მიულოცა: „ამგვარი ღონისძიებები შესაძლებლობას გვაძლევს, აღვნიშნოთ მიღწევები და აქტივიზმის სულისკვეთება, ვიზეიმოთ, წავახალისოთ ერთმანეთი, დავეხმაროთ ერთმანეთს და საზოგადოებას ქალთა უფლებადამცველების პოზიტიური მაგალითები გავაცნოთ.“

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ გაეროს განვითარების პროგრამა, ქალთა ფონდი MamaCash და ფონდი Kvinna Till Kvinna.

კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გამარჯვებულის გამოვლენა კონფიდენციალური შესარჩევი კომიტეტის მიერ, წლის განმავლობაში წარმოდგენილი ღია ნომინაციების საფუძველზე ხდება. კატო მიქელაძის სახელობის პრემიის პირველი გამარჯვებული 2013 წელს ქალთა უფლებებისა და ჰომოსექსუალთა უფლებების ცნობილი დამცველი და აქტივისტი ეკატერინე აღდგომელაშვილი გახდა; 2014 წელს კატო მიქელაძის სახელობის პრემია არასამთავრობო ორგანიზაციის „ფონდი ტასო - ქალთა ფონდი და მეხსიერების კვლევის ცენტრი“ დირექტორს მარინა თაბუკაშვილს მიენიჭა, 2015 წლის გამარჯვებული კი ფემინისტი მხატვარი და აქტივისტი ლია უკლება გახდა. სწორედ მან წარადგინა 2016 წლის გამარჯვებული.