სამინისტროები სექსუალური შევიწროების პრევენციაზე ზრუნვას იწყებენ

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხი სამინისტრო თანამშრომლებისთვის სექსუალური შევიწროების შესახებ ონლაინკურსის პილოტირებას გეგმავს. კურსი, რომელიც მთავარ აქცენტს ინფორმირებულობაზე, პრევენციასა და მსხვერპლების მიმართ თანადგომაზე აკეთებს, შესაძლოა, მომავალში ყველა საჯარო მოხელისთვის გახდეს სავალდებულო და ხელი შეუწყოს იმ დუმილის დარღვევას, რომელიც სამსახურებრივ გარემოში სექსუალური შევიწროების ირგვლივ არსებობს.

საპილოტე ტრენინგი სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ევროკავშირის „ძირითადი უფლებების სააგენტოს“ კვლევის მიხედვით, ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანაში ყოველ მეორე ქალს, 15 წლის ასაკის შემდეგ, სექსუალური შევიწროება მინიმუმ ერთხელ მაინც განუცდია. საქართველოში, „სოციალური მეცნიერებების ცენტრის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სექსუალური შევიწროება ქვეყანაში საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია, თუმცა მის შესახებ ინფორმირებულობის დონე ძალიან დაბალია. ქალი და კაცი რესპონდენტების 96%-მა განაცხადა, რომ მათ სექსუალური შევიწროება არასდროს განუცდიათ, მაგრამ შევიწროების სხვადასხვა ფორმის შესახებ დეტალურ კითხვებზე პასუხის გაცემისას გამოვლინდა, რომ ქალების 38% და კაცების 8% სამსახურში სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მინიმუმ ერთხელ მაინც ყოფილა. სექსუალური შევიწროება ადამიანის უფლებების დარღვევა და სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა, თუმცა იგი ტაბუდადებულ თემად რჩება და არ ხმაურდება.

საქართველოს თავდაცვის, სასჯელაღსრულების, შინაგან საქმეთა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროებმა, თანამშრომლებისთვის ონლაინკურსის შეთავაზებით, სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ პირველი ნაბიჯების გადადგმა გადაწყვიტეს. კურსი მიზანი ამ საკითხთან დაკავშირებით არსებული დუმილის დარღვევა, მითების დანგრევა, პრევენციის ხელშეწყობა და დაზარალებულებისთვის საჩივრების წარდგენისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის შესაფერისი პირობების შექმნაა.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ინტერაქტიული ონლაინკურსი შემუშავდა, რომლის საპილოტე ვერსიაც 5 ივლისს ყველა სამინისტროს 18-მა წარმომადგენელმა გაიარა. ტრენინგი სამოქალაქო მომსახურების ბიუროსთან თანამშრომლობით ჩატარდა და მიზნად ისახავდა კაზუსებისა და ინტერაქტიული ელემენტების ეროვნულ კონტექსტსა და საჯარო სექტორთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. მიღებული შეფასებები და გამოხამურება კურსის საბოლოო სახის შემუშავებისთვის იქნება გამოყენებული. „გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში გამოვყავით თანამშრომლები, რომლებიც სექსუალური შევიწროების შესახებ საჩივრებს მიიღებენ და განიხილავენ. ამ კურსში უკვე მათი საკონტაქტო ინფორმაციაც ჩადებულია“ - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სალომე ყვავაძემ.

ონლაინტრენინგის შემუშვების დასრულებისთანავე (2016 წლის ბოლოსთვის), ეს კურსი საპილოტე სამინისტროებში დაინერგება. იმედია, რომ სექსუალური შევიწროების პრევენციით, მითების ფაქტებით ჩანაცვლებით, დაზარალებულთა მიმართ თანადგომის გამოჩენით და იმ ქმედებების შესახებ ინფორმირებით, რომელთა განხორციელებაც დაზარალებულს, კოლეგას ან მენეჯერს შეუძლია, შესაძლებელი გახდება ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელშიც სექსუალურ შევიწროებას ადგილი არ ექნება.