გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების ხელშეწყობა ადგილობრივ თვითმმართველობებში

თარიღი:

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში პროგრამული ბიუჯეტირება 2012 წელს დაინერგა. ინიციატივა 2013 წლის 1 იანვრისთვის ადგილობრივი მთავრობებისგან პროგრამული ბიუჯეტების დანერგვასა და განხორციელებას მოითხოვდა, თუმცა სამი წლის შემდეგაც იგი კვლავ გამოწვევად რჩება. ეს სიახლე სათანადო დაგეგმვას, ბიუჯეტირებასა და განხორციელების შესაძლებლობებს მოითხოვს, განსაკუთრებით კი ადგილობრივ დონეზე.

ტრენინგი ადგილობრივ დონეზე დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისთვის; ფოტო: UN Women
2013 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტის - ზუგდიდის, საჩხერის, მარნეულის, გორისა და თეთრიწყაროს ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფები (GRBWG) შეიქმნა. ამ პერიოდიდან გაეროს ქალთა ორგანიზაცია აღნიშნულ ჯგუფებს მოთხოვნაზე დაფუძნებულ ტექნიკურ დახმარებას სისტემატურად უწევდა, რაც ძირითადად ადგილობრივ დონეზე დაგეგმვასა და ბიუჯეტირებაში გენდერული პერსპექტივის ინტეგრირებისთვის საჭირო ცოდნის ამაღლებას გულისხმობდა.

გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფებისთვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით ბოლო ღონისძიება 27-30 ივლისს, კახეთში, ლოპოტაზე გაიმართა. იგი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით იყო ორგანიზებული.

„მე სამუშაო ჯგუფში 2016 წელს გავერთიანდი და ტრენინგს გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებაზე პირველად დავესწარი. გავიაზრე, თუ რამდენად საჭიროა თითოეული პროგრამისა და ქვეპროგრამის გენდერულ ჭრილში განხილვა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტებში კაცებისა და ქალების საჭიროებები უფრო თანასწორად იყოს გათვალისწინებული“, - აღნიშნა საჩხერის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის უფორსმა ლევან ბიწაძემ.

ტრენინგის მონაწილეებმა გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმები მოამზადეს და აღნიშნეს, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მოქმედ სათემო ორგანიზაციებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრების გამართვაში დაეხმარებიან. აღნიშნული შეხვედრების მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის, როგორც კაცების, ასევე ქალების, საჭიროებების განხილვა და შეფასებაა. ხუთივე მუნიციპალიტეტში ასეთი შეხვედრები 2016 წლის სექტემბერში გაიმართება. გენდერული პერსპექტივიდან გაანალიზებული საჭიროებები კი, სავარაუდოდ, შემდგომში 2017 წლის ადგილობრივი გეგმებისა და ბიუჯეტის განსაზღვრას დაედება საფუძვლად, რასაც მონიტორინგს სათემო ორგანიზაციებიც გაუწევენ. ამას გარდა, ისინი ამ მიმართულებით საჭირო ნებისმიერი პოზიტიური ცვლილების ადვოკატირებასაც განახორციელებენ.